ჰარი კეინმა  „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ გულშემატკივრებს მიმართა, თუმცა, ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ. ჯერ მოდი ის გავიხსენოთ, რომ ინგლისის საუკეთესო ფორვარდსა და „სფურზს“ შორის ბზარი იმიტომ გაჩნდა, რომ მას „მანჩესტერ სიტიში“ მოუნდა გადასვლა.

„სიტის“ თავკაცმა პეპ გვარდიოლამ კეინისადმი ინტერესი არ უარყო. მან თქვა:

„ჰარი კეინი გამორჩევით ნიჭიერი თავდამსხმელია და ბუნებრივია, რომ ჩვენ მისი ყიდვით დაინტერესებულები ვართ. ჩვენ, ჩვენსას ვცდით, მაგრამ თუ „ტოტენჰემს“ მისი გაყიდვა არ უნდა, ანდა თუ „ტოტენჰემი“ მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის, მაშინ საკითხი დახურულია.

მეორე მხრივ, თუ ლონდონელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მაინც სურთ, მაშინ ინტერესს უკვე ბევრი კლუბი გამოიჩენს და, ვიმეორებ, გამონაკლისი არც ჩვენ ვიქნებით“.

საინტერესოა, რომ შემდეგ კვირას, პრემიერლიგის ახალი ჩემპიონატის პირველ ტურში, სწორედ „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ სიტი“ ხვდებიან ერთმანეთს.

ახლა, იმის შესახებ, თუ რა თქვა „სფურზის“ ახალმა მწვრთნელმა ნუნუ ესპირიტო სანტომ.

„ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე ასეთია: მე ჰარი კეინთან ჯერ არ მილაპარაკია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შევხვდები და ყველაფერს გავარკვევთ. ისე არ გამიგოთ, თითქოს ამ თემაზე ლაპარაკს გავურბოდე. უბრალოდ, საქმისთვის უმჯობესი იქნება თუ ყველაფერს კლუბის შიგნით მოვაგვარებთ და საჯარო დავაში არ ჩავებმებით. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია და საკითხი დახურულ კარს მიღმა გადავწყვიტოთ“.

თავად კეინმა კი, როგორც ჩანს, სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა აგრესიული კომენტარები წაიკითხა, ეწყინა და თავი მოვალედ ჩათვალა, მათთვის მიემართა. მოგეხსენებათ, კეინმა შვებულებიდან ინგლისში დაბრუნება რამდენიმე დღით დაიგვიანა, კოვიდის ტესტზე დროულად არ გამოცხადდა, შემდეგ სავალდებულო თვითიზოლაციაც შეეხო და შედეგად მთელი კვირა გადაუცდა.

ჰარი კეინი წერს: „მალე, „სფურზში“ ჩემი დებიუტიდან ათი წელიწადი გავა. ამ წლების განმავლობაში თქვენ, ფანები, სულ მხარში მედექით, სიყვარულს მაგრძნობინებდით. სწორედ ამიტომ მეტკინა გული, როდესაც გასულ კვირაში წავიკითხე რამდენიმე კომენტარი, სადაც ჩემი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ იყო დაყენებული.

შექმნილი ვითარების დეტალებში არ შევალ, მაგრამ ყველას მოგახსენებთ, რომ ვარჯიშზე უარი არასდროს მითქვამს და არასდროს ვიტყვი. კლუბში გრაფიკის თანახმად ხვალ დავბრუნდები.

არასდროს დავძაბავ ურთიერთობას ფანებთან, რომლებიც „ტოტენჰემში“ ყოფნის ბევრი წლის განმავლობაში ასე ერთგულად მედგნენ მხარში.

ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება“.