„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ამბობს, რომ კლუბმა კოვიდ-პანდემიის გამო არნახული თანხა, 487 მილიონი ევრო დაკარგა. მან აღიარა, რომ პარტნიორებისა და სპონსორების ნდობის დასაბრუნებლად „ბარსას“ გაორმაგებული შრომა მოუწევს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის ამ ნდობას დაიბრუნებს.

„ჩვენ 200 მილიონი ევროს ფარგლებში ველოდით დანაკარგს, მაგრამ ზარალმა სარეკორდო თანხა, 487 მილიონი შეადგინა,“ — თქვა ლაპორტამ, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

შემდეგ, მან ლეო მესის წასვლასა და ამ მიზეზით სპონსორებთან გაუარესებულ ურთიერთობაზე ილაპარაკა. კლუბმა ხომ ლა ლიგის ფინანსური ფეარ ფლეის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

„მესის წასვლამ სპონსორებზე როგორ იმოქმედა? ამ მიმართულებით უფრო მონდომებული მუშაობა დაგვჭირდება. კლუბში რაც შეიძლება მეტი სპონსორი უნდა მოვიზიდოთ. ჩვენ მათ უნდა ავუხსნათ, თუ რა კლუბია „ბარსა“, რა ძალას წარმოადგენს ის. უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი კლუბი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებისგან შედგება.

„ბარსელონაში“, მომავალში, ახალი ფეხბურთელებიც მოვლენ და ისინი სპონსორებს ჩვენი კლუბის დაფინანსების სურვილს გაუჩენენ.

რაც შეეხება მესის, სრული სიმართლეა, რომ მას ჯერ კიდევ ჰქონდა მომავალი. ვხვდებოდით, რომ მას შეეძლო ჩვენი კლუბის წარმატებაში კვლავაც შეეტანა წვლილი. ამიტომ გვინდოდა, რომ დარჩენილიყო, მაგრამ მოგვიხდა არასასურველი ნაბიჯის გადადგმა და ახლა, მესისშემდგომ ეპოქაში ახლებური ცხოვრება უნდა დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ წინ დიდი მომავალი გველის“.