ტოკიოს ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის ფინალი იაპონიის დროით უჩვეულოდ ადრე – 11.30 საათზე დაიწყო.
ორგანიზატორებმა შეხვედრა ამერიკული ტელეაუდიტორიის პრაიმ-ტაიმს დაამთხვიეს.
ინტერესი კი უდიდესი იყო. ამერიკელებს არა მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, იქვე, ტოკიოში ჯგუფურ ეტაპზე მარცხისთვისაც ჰქონდათ რევანში ასაღები.
რევანში შედგა!
ერთადერთი, რაც ფრანგებმა მოახერხეს, ინტრიგის ბოლომდე შენარჩუნება იყო. ისინი ბურთის ხშირად (18) დაკარგვამ და 11-მა გაცუდებულმა საჯარიმომ დააღალატა. მხოლოდ მათ ლიდერ რუდი გობერს 7 ცდა გაუცუდდა. ვერ იფრინა დე კოლომ, ამერიკელთა დაცვამ „ჩაყლაპა“ ფურნიე…
გრეგ პოპოვიჩის შეგირდების შეტევებს კევინ დურანტმა ულიდერა (29 ქულა + 6 მოხსნა). განსხვავებით ლუკა დონჩიჩისგან, მისი განეიტრალება ვერ მოხერხდა.
თავის წინა ორ ოლიმპიურ ფინალში კევინმა სოლიდური 30-30 ქულა მოაგროვა და ამჯერადაც მისი გავლენა შედეგზე დიდი იყო.
87:82 – აშშ ზედიზედ მეოთხედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. უღიმღამო სტარტის შემდეგ პოპოვიჩის გუნდი მატჩიდან მატჩამდე უმატებდა და ფინალში საუკეთესო კალათბურთი გვიჩვენა.
პირველი, ვინც ამერიკიდან გუნდს მიულოცა, ლებრონ ჯეიმსი იყო.