„საიტამას სტადიონზე“ მექსიკის ფეხბურთელთა ოლიმპიურმა ნაკრებმა მასპინძელ იაპონიას 3:1 მოუგო და ბოლო სამ ოლიმპიადაზე მეორედ მოიგო მედალი. მექსიკელები ლონდონის 2012 წლის თამაშებზე ჩემპიონები გახდნენ, ახლა კი ბრინჯაო მოიპოვეს.

იაპონელები და მექსიკელები შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზეც ერთად იყვნენ. მაშინ, იაპონიამ მეტოქეს 2:1 მოუგო და აი, ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში „ელ ტრემ“ შური იძია.

მექსიკელებმა „ლურჯ სამურაებს“ პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანეს. მე-13 წუთზე სებასტიან კორდობამ VAR-ის დახმარებით დანიშნული პენალტით გახსნა ანგარიში, 22-ზე კი იოხან ვასკესმა მეორე შეაგდო. მას საგოლე პასი უკვე ხსენებულმა კორდობამ მიაწოდა.

შესვენების შემდეგ ისევ მექსიკამ გაიტანა — 58-ე წუთზე ალექსის ვეგამ კვლავ კორდობას პასით სამამდე გაზარდა ანგარიში, 78-ზე კი კაორუ მიტომამ მასპინძელთა ერთადერთი საპასუხო შეაგდო.

სებასტიან კორდობა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.