ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მედლების რაოდენობით სარეკორდო ნიშნულს უწია.
ტოკიოში ჩვენებმა რვა მედალი აიღეს, თუმცა მონაგარს, შესაძლოა, ერთი ბრინჯაო შეემატოს – თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ოდიკაძემ მერვედფინალში ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანი 6:3 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში რუს აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 წააგო. შემდეგ საიდულაევი ფინალში გავიდა და ქართველიც მედლის გზაზე გაიყოლა.
რეპეშაჟის ნახევარფინალში ოდიკაძე აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შეხვდება – ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, რომელსაც ოქროს მედლები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზეც აქვს მოპოვებული.
23 წლის სალომე ფაჟავამ კი მხატვრულ ტანვარჯიშში 26 მონაწილეს შორის 17 ადგილი დაიკავა და ფინალში ვერ გავიდა.
ფაჟავამ მრავალჭიდში თავდაპირველად რგოლით იასპარეზა და 23.550 ქულა აიღო, ბურთით გამოსვლა 21.950 ქულით დაასრულა, გურზებით ვარჯიში მსაჯებმა 23.500 ქულით შეუფასეს, ხოლო ლენტით ვარჯიშში 20.650 ქულა (მე-13) დააგროვა, რაც ჯამში 89.650 გამოვიდა, მაგრამ ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რვა მედალი აქვს აღებული: ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთიც – ბრინჯაო.