ესპანური AS ერთადერთი გამოცემაა, რომელიც წერს, რომ მესის „ბარსელონადან” წასვლის საქმე შესაძლოა მთლად გადაწყვეტილი მაინც არ იყოს და ჯერ კიდევ მოტრიალდეს კატალონიელთათვის სასიკეთოდ.

ცხადია, მას მერე, რაც თავად კლუბმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც არგენტინელს გზა დაულოცა, AS-ის პოზიცია წყალწაღებულისა და ხავსის ისტორიას უფრო ჰგავს, მაგრამ მოყოლად მაინც ღირს.

ესპანურმა გაზეთმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მესის „კამპ ნოუდან“ წასვლის ამბავს „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა სრული დუმილით უპასუხეს — არანაირი კომენტარი!

არადა, „ბარსაში“ არიან ფეხბურთელები, რომელთაც სოციალურ ქსელებში აქტიურობა სჩვევიათ და მეტიც, სკანდალურ განცხადებებსაც კი არ ერიდებიან. ამ მხრივ, ძალიან აქტიურია, მაგალითად ჟერარდ პიკე. მასზე არანაკლები გახლავთ სერხი რობერტო.

თუმცა, AS-მა მიაქცია ყურადღება, რომ „ბლაუგრანას“ მოქმედ ფეხბურთელთაგან კომენტარის დაწერა არავინ იჩქარა.

ცნობილ ბარსელონელთაგან ორად ორმა კაცმა დაწერა რაღაც. პირველი გახლდათ სესკ ფაბრეგასი, რომელიც იმდენად დიდი ბარსელონელი არ არის, რამდენადაც მესის ახლო მეგობარია და ძმაკაცური მხარდაჭერაც გამოხატა. მეორე კი გახლდათ დიდი „ბარსელონას“ დიდი კაპიტანი, ლეგენდარული კარლეს პუიოლი, რომელმაც დაწერა, მართალია „ბარსას“ მძიმე დღე გაუთენდა, მაგრამ მომავალს მაინც იმედით უნდა უყუროსო. ერთი სიტყვით, პუიოლმა პერიფრაზი გაუკეთა ცნობილ გამონათქვამს: „ფეხბურთელები მიდიან, კლუბი კი რჩება“.

და რატომ გაამახვილა AS-მა ბარსელონელთა დუმილზე ყურადღება? იმიტომ, რომ გაზეთის აზრით, ფეხბურთელებმა, რომლებიც კლუბში ტრიალებენ და იქაურ ოხშივარში იხარშებიან, შესაძლოა რაღაც ისეთი იციან, რაც დანარჩენმა მსოფლიომ არ იცის. ან შესაძლოა თავად ამზადებენ რამეს.