თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სენსაცია მოხდა: ლეო მესი „ბარსელონადან“ წავიდა. მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც „კატალონიის სიამაყედ“ წოდებულ კლუბს 13 წლისა შეუერთდა, ფინანსური საკითხების გამო მიდის. არადა, ჯერ კიდევ გუშინ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ პრობლემა მოგვარდა. ყველას ეგონა, რომ მესი „კამპ ნოუზე“ რჩებოდა.
ესპანური, კერძოდ კატალონიური მას-მედია ერთხმად იმეორებდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, კლუბისა და ფეხბურთელის წარმომადგენლები დეტალებსღა ათანხმებენ, ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ამბავს კი ორიოდ დღეში ოფიციალურადაც გამოაცხადებდნენ. ადგილობრივთა ამ ნათქვამს მთელი მსოფლიო იმეორებდა.
ახლა, როდესაც მესიმ „ბარსა“ დატოვა, მდიდარი კლუბები გააქტიურდებიან. მოსალოდნელია, რომ თავს განსაკუთრებით „პარი სენ ჟერმენი“ და „მანჩესტერ სიტი“ გამოიდებენ. ამ ზაფხულს ორივეს მოუსინჯავს წინასწარ ნიადაგი.
„მარკა“ წერს, რომ ხუთშაბათს, „ბარსელონას“ წარმომადგენლების შეხვედრა მესის მამასთან ხორხესთან და მის დამხმარეებთან უშედეგო გამოდგა. იმ საკითხებზე, რომლებიც ხმამაღლა დარჩენილ წვრილმანებად იყო გამოცხადებული მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს და „კოპა ამერიკას“ ჩემპიონს იმ კლუბის დატოვება მოუხდა, საიდანაც მის წასვლას ვერავინ წარმოიდგენდა.
„ბარსელონამ“ მომხდარი გუშინვე დაადასტურა და გამოაცხადა, რომ ეს ორივე მხარისთვის სამწუხაროა. კლუბმა ყველაფერი ლა ლიგას დააბრალა და ფეხბურთელს მომავალში წარმატება უსურვა.
„ბარსელონას“ განცხადებაში წერია: „მიუხედავად იმისა, რომ მხარეები შეთანხმებულები ვიყავით და დღეს ახალ ხელშეკრულებაზე უნდა მოგვეწერა ხელი, ეკონომიკური და სტრუქტურული წინააღმდეგობების (ესპანური ლა ლიგის რეგულაციების) გამო შეთანხმებისთვის ოფიციალური სახის მიცემა ვერ მოვახერხეთ.
მოცემულ სიტუაციაში ლეო მესი „ბარსელონაში“ თამაშს ვეღარ გააგრძელებს. ორივე მხარე გულწრფელად ნანობს, რომ ფეხბურთელისა და კლუბის სურვილი ვერ ასრულდა.
„ბარსა“ მთელი გულით უხდის მადლობას მოთამაშეს, მისი ინსტიტუციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და უსურვებს ყოველივე საუკეთესოს როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში“.
მოვლენების ასეთი განვითარება მოულოდნელი იმიტომაც იყო, რომ მესი კლუბს ხუთწლიანი კონტრაქტის შემთხვევაში ხელფასის განახევრებაზე დაყაბულდა.
იმის გამო, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა ხელშეკრულება 1 ივლისამდე ვერ გააფორმეს, მესიმ თავისუფალი აგენტის სტატუსი შეიძინა.
არგენტინელის ყოფილმა თანაგუნდელმა, „პარი სენ ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა ნეიმარმა ოთხშაბათს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც აწ უკვე ყოფილი ბარსელონელი, მასთან და პარიზული კლუბის სხვა მოთამაშეებთან ანხელ დი მარიასთან, ლეანდრო პარედესთან და მარკო ვერატისთან ერთად დგას. ფოტოს აწერია ესპანური სიტყვა amigos ანუ მეგობრები.