ჯეკ გრილიშს პაპარაცებმა ფოტო მაშინ გადაუღეს, როდესაც ის „მანჩესტერ სიტის“ სამედიცინო ცენტრიდან გამოდიოდა. შემოწმება გაუვლია. ეს იმას ნიშნავს, რომ 100 მილიონ გირვანქად შეფასებულ ტრანსფერს სადაცაა ხორცი შეესხმება.
ინგლისის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ 25 წლის თავდამსხმელზე რა ხანია წერენ, რომ ის „სიტიში“ გადადის და შემდეგ მას „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ ჰარი კეინიც შეუერთდება.
ახლა, როდესაც დადგინდა, რომ „ქალაქელების“ სამედიცინო პერსონალს მისი ჯანმრთელობაც შეუმოწმებია, შეიძლება ითქვას, რომ გრილიში ფაქტობრივად უკვე „ეტიჰედზეა“.
ინგლისური პრესა წერს, რომ ახლა, ტრანსფერის ოფიციალურ გამოცხადებამდე, საათებიღა რჩება.
გრილიში ევრო 2020-ის შემდეგ საბერძნეთის კურორტ მიკონოსსა და ხორვატულ დუბროვნიკში ისვენებდა, შემდეგ კი… „ვილაში“ დაბრუნდა, სადაც ვარჯიშს შეუდგა.
როგორც ჩანს, მის ბირმინგემში ცხოვრებას დიდი დღე აღარ უწერია.