„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ ჰარი კეინს შეუთვალა, რომ ის სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს გუნდში, თავდამსხმელმა კი ეს მოწოდება ყურად არ იღო, რითაც კლუბი კიდევ უფრო განარისხა. ფეხბურთელმა, რომელსაც „სფურზიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ უნდა გადასვლა ბაჰამებზე არდადეგები თვითნებურად გაიხანგრძლივა და მართალია, ახლა უკვე ლონდონშია, მაგრამ რეგულაციების თანახმად, როგორც უცხოეთში ნამყოფი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. მან შემოთვალა, რომ სულ მცირე კვირამდე გუნდში დაბრუნებას არ აპირებს,

კეინმა „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დენიელ ლევი პირველად ორშაბათს გააბრაზა, როდესაც დანიშნულ დღეს ჰოთსპურ ვეიზე კოვიდის ტესტის ჩასატარებლად არ გამოცხადდა. ანკი, როგორ მივიდოდა, როდესაც ბაჰამებზე ნებივრობდა და ასეთი გაფიცვით ცდილობდა კლუბი იძულებული გაეხადა მის ტრანსფერს დათანხმებულიყო.

28 წლის ვარსკვლავის პასუხად, გაბრაზებული „ტოტენჰემი“ აპირებს მას კიდევ უფრო აქტიურად შეუშალოს ხელი და არსად გაუშვას.

„დეზების“ ახალმა მწვრთნელმა ნუნუ ესპირიტუ სანტუმ მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელთან არც კი ულაპარაკია, განაცხადა, რომ კეინი მომავალ სეზონში მათთან ითამაშებს. ამის მიუხედავად, მან იცის, რომ პრემიერლიგის „ოქროს ბუცის“ მფლობელი ვერც 15 აგვისტოს ითამაშებს, პირველი ტურის შეხვედრაში, ყბადაღებულ „სიტისთან“ და ვერც მეორე ტურში, ვულვერჰემპტონში.

ყოფილმა ფეხბურთელმა დარენ ბენტმა კი კეინი გააფრთხილა, რომ „ტოტენჰემიდან“ წასვლის სწორი მეთოდი არ შეარჩია. მან 2009 წელს თავად იწვნია დენიელ ლევისთან კონფლიქტი და კარგად იცის, რომ ეს მიზნის მისაღწევად საუკეთესო ხერხი არ არის.

„კეინი კონტრაქტით არის შეკრული, ამიტომ ვალდებულია სწორად მოიქცეს, ხალხს სწორად წარუდგეს. როდესაც შენი თანაგუნდელები ტესტის ასაღებად იკრიბებიან, შენც იმ დღეს, ბიჭებთან ერთად უნდა მიხვიდე და გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია“, — თქვა ბენტმა.