ორი დღეა, ბელარუსი მძლეოსანი კრისტინა ტიმანოვსკაია ტოკიოში ლამის ყველაზე ცნობად ოლიმპიელად იქცა. მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და ამჟამად პოლონეთის საელჩოში იმყოფება.
საელჩოსთან 50-მდე ჟურნალისტი მორიგეობს და ნელ-ნელა სკანდალის დეტალებიც ხმაურდება. არადა, სკანდალს სუფთა სპორტული სარჩული ჰქონდა და თავისდაუნებურად გაპოლიტიკურდა.
საქმე იმაშია, რომ ანტისადოპინგო სააგენტოს მუდმივად ექმნებოდა პრობლემები იმ სპორტსმენების მოძიებაზე, ვისაც დიდი ტურნირების წინ არასაშეჯიბრო ტესტების ჩაბარება უწევდათ. ძირითადად ეს აფრიკულ ქვეყნებს ეხებოდათ, სადაც დოპინგ-ოფიცრებს უჭირდათ ათლეტთა პოვნა.
მერე საერთაშორისო ფედერაციამ ამ ვალდებულების ტვირთი ნაციონალურ კომიტეტებს გადააბარა – ტურნირამდე 6 თვის ვადაში სამი ტესტისთვის (სულ მცირე 21-დღიანი ინტერვალით) თქვენი სპორტსმენები თქვენვე მოიძიეთო.
ბელარუსებმა „მოახერხეს“ და ეს წესი დაარღვიეს – დრო არ ეყოთ. შედეგად, მათი სამი სპორტსმენი თამაშების მიღმა დარჩა. რაც მთავარია, მათ დააკლდათ 4X400 მეტრზე ესტაფეტაში მონაწილე გოგონა.
ამ სიტუაციაში დამნაშავე დელეგაციის ხელმძღვანელობამ ვაკანსია განაცხადში სპრინტერი ტიმანოვსკაიათი (100 და 200 მეტრზე დარბის) ისე შეავსო, საქმის კურსში არც თავად სპორტსმენი ჩააყენა.
კრისტინას პროტესტს ღია მუქარა მოჰყვა, 200 მ. სპრინტიდან მოხსნა და ჩაბარგება მოსთხოვეს. სპორტსმენს ორი საათი მისცეს ტოკიო-სტამბოლის რეისამდე და აეროპორტამდე თავად მიიყვანეს. Kristina Timanovskaia s-a refugiat în ambasada Poloniei de la Tokyo, unde a  cerut azilტიმანოვსკაიამ მოახერხა და ჩალაგების პროცესში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დაუკავშირდა, მიშველეთო. მან პოლიტიკური თავშესფარი ავსტრიაში და გერმანიაში ითხოვა. მყისიერი მზაობა გამოთქვეს პოლონეთმა და ჩეხეთმა.
სპორტსმენმა იცოდა, რომ დელეგაციის ხელმძღვანელობას ოლიმპიურ სოფელში ან გზიდან ვერ დაუსხლტებოდა, აეროპორტში მორჩილად გაჰყვა და იქ დახმარება იაპონიის პოლიციას სთხოვა.
როგორც მოგახსენეთ, სპორტსმენი ამჟამად პოლონეთის საელჩოშია, მისი მეუღლე მინსკიდან კიევში ჩავიდა, ვითარება კი კონტროლზე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აქვს აყვანილი.
ვისზე იყრის ჯავრს ალექსანდრ ლუკაშენკო?
ახლა სამშობლოსკენ გული აღარც ბელარუსის დელეგაციის დამფრთხალ ბოსებს მიუწევთ… ისე, საინტერესოა, რომ ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი, ვიქტორი გახლავთ