ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ კი გამოაცხადა, მაგრამ გადაწყვეტილების მიზეზად მხოლოდ კონტრაქტის დამთავრება დაასახელა. არადა, შარშან ზაფხულში მწვრთნელი და ფედერაციაც ამტკიცებდნენ, კონტრაქტი 2 წლით გავახანგრძლივეთო. ამან ბევრ ჭორ-მართალს მისცა გასაქანი.
წარმატებული ევროპირველობის შემდეგ არავინ ეჭვობდა, რომ შევჩენკო დარჩებოდა. არაო…
რა გახდა წასვლის მიზეზი? გთავაზობთ რამდენიმე ვერსიას:
1. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებს, რომელმაც ეროპირველობაზე 16 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ბონუსად 3 მილიონი დაუთქვა, მერე კი სიტყვა გატეხა – 1,5 მილიონი იკმარეთო.
2. შევჩენკოს გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში სამი მატჩის შემდეგ 3 ქულა და რთული პერსპექტივა აქვს. შევას არ სურს გაფუჭებული რეპუტაციით წასვლა, ახლა კი ის პიკზეა.
3. შევჩენკოს საკლუბო კარიერა სურს და დარჩებოდა, თუ ფედერაცია მის შეთავსებით მუშაობას დათანხმდებოდა.
ეს ვერსიებია.
9 აგვისტოს კი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი შეიკრიბება და ახალ მწვრთნელზე იმსჯელებს. სერგეი რებროვი თითქოს უალტერნატივო კანდიდატია, მაგრამ არაბულ კლუბთან კონტრაქტის გამო მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლოს მოიცლის.
სავარაუდოდ, აღმასკომი დროებით მწვრთნელს დანიშნავს და რებროვს დაელოდება. მანამ კი გუნდს ან ფედერაციის სანაკრებო კომიტეტის თავკაცი მირონ მარკევიჩი, ანაც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსეი მიხაილიჩენკო გაუძღვება.
P.S. ერთი ცინცხალი ჭორიც: ტოპ-მწვრთნელების ხელფასმა კლუბებში 5-7-10 და მეტ მილიონ ევროს უწია. შევჩენკო მზად იყო, 5 თანაშემწესთან ერთად 2 მილიონში ჩატეულიყო. ვერ გაიმეტეს, ისიც წავიდა…