ვუყურებდი ძიუდოისტთა გუნდურ ასპარეზობას და გული მწყდებოდა: გერმანია და ისრაელი მედლებს იგებდნენ, ქართველი რჩეული ფალავნები კი მაყურებლის როლით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. თუმცა, რატომ მხოლოდ გერმანია და ისრაელი? ფინალისტი ფრანგები და იაპონელები არასოდეს დაგვიმარცხებია თუ მსოფლიო ჩემპიონობა არ დაგვიგემოვნებია?!
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, კიდევ ერთი შანსის ბოძების შემთხვევაში როგორი გამხეცებულები გავიდოდნენ ტატამზე ჩვენი ვერცხლის მედალოსნები, ანაც ლიპარტელიანი?

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წესებით გუნდში სამი გოგონას ყოლა სავალდებულოა, ჩვენ კი ის მესამე დაგვაკლდა.
ბუნებრივია, ფედერაციას დროულად უნდა დაეჭირა თადარიგი. თითქოს დაიჭირა კიდეც. გვყავს ერთი იმედისმომცემი გოგონა, მაგრამ ტრავმა მიიღო, მერე პანდემიის გამო სალიცენზიო ტურნირების გრაფიკი აირია და დროში ვერ ჩავეტიეთ.
დარჩა მეორე გზა: ნატურალიზებული სპორტსმენის დამატება. ერთი ხანობა უკრაინელი ძიუდოისტი გოგონას გაქართველებაზე იყო საუბარი და ლამის თავად უკრაინელ დარია ბილოდიდსაც მიაწვდინეს ხმა, მაგრამ უშედეგოდ.
მერე იტალიელი გოგონების სამეული ახსენეს და ერთმა საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო, მაგრამ სალიცენზიო ქულებში გაუჭირდა – სუსტი აღმოჩნდა.
როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ფედერაცია კი ეცადა, მაგრამ ამ მცდელობებს რაღაც დააკლო. პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე სულ სამი წელიწადია და პროცესი უნდა გარძელდეს: ან საკუთარი კადრები გავზარდოთ ლიცენზიამდე, ანაც ვინმე სოლიდურს შევთავაზოთ ნატურალიზება.
ქართულ ძიუდოს კიდევ ერთი დისციპლინის ხელიდან კიდევ ერთხელ გაშვების უფლება არ აქვს.
