ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსანი ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში (387 კილოგრამი) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

პირველი დისციპლინის, ატაცის შემდეგ კანადელი ბოადი რობერტ სანტავი ლიდერობდა – 178 კილოგრამი. ერთი კილოთი ნაკლები ჰქონდა სამ მონაწილეს – ვენესუელელ კეიდომარ ვალენინა სანჩესს, ანტონ პლესნოისა და ყატარელ ფარეს ელბახს. 176 კილოგრამით მათ უკან ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელი პო-ჯენ ჩენი იდგა.

აკვრაში უკვე სტრატეგიული ბრძოლა წავიდა. პლესნოიმ პირველი მისვლისას (206კგ) ტრავმა მიიღო და მისი მედალი ეჭვქვეშ დადგა. თუმცა, მეორე მისვლაზე მაინც მოახერხა 210 კილოგრამის დაძლევა, რაც ბრინჯაოს მედლისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

მეორე ადგილზე ვენესუელელი კეიდომარ ვალენინა სანჩესი გავიდა, რომელმაც ზუსტად იგივე შედეგი დააფიქსირა, რაც პლესნოიმ, მაგრამ ქართველ ძალოსანზე ადრე. ხოლო ჩემპიონი ყატარელი ფარეს ელბახი გახდა, ვინაც 225 კილოგრამით აკვრისა და ორჭიდის (402კგ) ოლიმპიური რეკორდი დააფიქსირა.