სანამ „ბებერი კონტინენტის” სპორტული საზოგადოება ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატსა და ზაფხულის ოლიმპიადაშია ჩართული, „ბარსელონამ”, „რეალმა” და „იუვენტუსმა” სასამართლოში პირველი დავა მოიგეს და ევროპის სუპერლიგის აღდგენაზე დაიწყეს ფიქრი.

საყურადღებოა, რომ სასამართლოში საქმე უეფამ აღძრა. გაზაფხულზე, როდესაც ევროპული კლუბების ჯგუფმა „აჯანყება მოაწყო” და სუპერლიგის დაფუძნება გადაწყვიტა, უეფამ მათ უჩივლა და ჯარიმებიც დააკისრა.

გეხსომებათ, რომ თორმეტი „აჯანყებული” კლუბიდან ცხრამ უკან დაიხია. ამ ცხრაში შედიოდა პრემიერლიგის ექვსი კლუბი, „მილნი”, „ინტერი” და „ატლეტიკო”. სამმა, „ბარსელონამ”, „რეალმა” და „იუვენტუსმა” კი პოზიციები არ დათმო. ისინი უეფას დაუპირისპირდნენ.

და აი, სამმა უტეხმა კლუბმა პარასკევს ევროპული სასამართლოდან სასიხარულო პასუხი მიიღო: მათ წინააღმდეგ ყველა სანქცია უკანონოა და უეფა თუ არ მოისვენებს, თავად დაჯარიმდება.

„ბარსელონამ”, „რეალმა” და „იუვენტუსმა” ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მასში ტრიო მიესალმება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჰყვება ვერდიქტის შესახებ და ამბობს, რომ ლუქსემბურგში ჯერ კიდევ უნდა შედგეს პროცესი, სადაც განიხილავენ რამდენად სამართლიანია ის, რომ ევროპაში ფეხბურთს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს უეფა. უნდა იყოს ეს ორგანიზაცია მონოპოლისტი თუ არა.

მიუხედავად იმისა, რომ ცხრა კლუბმა პროექტს უგანა, სასამართლოს მიერ წახალისებული „ბარსელონა”, „რეალი” და „იუვენტუსი” სუპერლიგის აღდგენაზე ფიქრობენ და ამბობენ, რომ მას ახალი იდეებით გაამდიდრებენ.

ტრიო განაგრძობს მტკიცებას, რომ უეფას მონოპოლია ფეხბურთს აზიანებს, მათი გეგმა კი ყველასთვის სასარგებლოა.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე, სუპერლიგის პროექტი დიდწილად ინგლისელი გულშემატკივრების საპროტესტო გამოსვლებმა და ბრიტანეთის მთავრობის პოზიციამ ჩაშალა.