იმ დროს, როდესაც უმეტესწილად ქართული კლუბებისგან მითიურ „ღირსეულ წაგებასაც“ კი აღარ ველით ხოლმე, ბათუმის „დინამომ“ მეტოქე სტუმრად დაამარცხა და ევროშეჯიბრის მომდევნო ეტაპზე გავიდა. თანაც ბათუმელებს პირველი მატჩი, საკუთარ მოედანზე წაგებული ჰქონდათ და ეს ფაქტი ამ გამარჯვებას კიდევ უფრი ფასეულს ხდის.

„დინამომ“ ბათუმური 0:1 ბორისოვში 4:1-ად შემოატრიალა. თანაც, საპასუხო მატჩშიც პირველი ბურთი ჩვენების კარში გავიდა და ისიც ყველაზე „შეუფერებელ“ დროს – პირველი ტაიმის მეორე წამატებულ წუთზე.

თითქოსდა, ეს დასასრული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოხდა ის, რაც ისტორიაში იქამდე მხოლოდ ორჯერ მომხდარიყო – ქართულმა კლუბმა ძალა გამოძებნა და თითქოს უიმედო ვითარება სათავისოდ შეატრიალა. ბორისოვული მატჩის მეორე ტაიმში დინამომ 4 ბურთი გაიტანა!

და რაკი ვახსენეთ, რომ ეს ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ  მესამე შემთხვევაა, როდესაც შინ წაგებული მატჩის შემდეგ ქართულმა კლუბმა სტუმრად მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ის წინა ორი ფაქტიც უნდა ვახსენოთ.

პირველად ისტორიში ეს „ამერმა“ შეძლო 2006 წელს. სადებიუტო მატჩი უეფას თასზე ამერელებმა სომხურ „ბანანცთან“ „მიხეილ მესხზე“ 0:1 დათმეს. ერევანშიც პირველი ტაიმი წააგეს, მეორე ტაიმში კი დენის დობროვოლსკიმ და რატი წინამძღვრიშვილმა ორი ბურთი შეაფდეს და გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანეს.

2012 წელს იგივე გორის „დილამ“ გააკეთა. „ბურჯანაძეზე“ გორელებმა „ანართოსისთან“ 0:1 წააგეს.  კვიპროსზე კი 3:0-ს იგებდნენ, როცა განრისხებულმა გულშემატკივრებმა 82-ე წუთზე თამაში ჩაშალეს.

ბათუმელთა მომდევნო მეტოქე კონფერენციის ლიგაზე თურქული „სივასფორი“ იქნება.

და მოდი, რაკი, აქ მოგებულ თამაშებზე ვლაპარაკობთ, „დინამო თბილისის“ თამაშის გარჩევით ხასიათს ნუ გავიფუჭებთ.