არგენტინის ოლიმპიური ნაკრები ტოკიოს ზაფხულის თამაშებს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა, რამაც ძალლიან გაახარა ბრაზილიელები. როგორც ჩანს განსაკუთრებით „ასტონ ვილას” 23 წლის ნახევარმცველმა დუგლას ლუისმა იზეიმა. მან ინსტაგრამში მეზობლების გასაღიზიანებელი ფოტო გამოაქვეყნა.
არგენტინელები C ჯგუფში ავსტრალიასთან ერთად ჩარჩნენ. ფლეი-ოფში გავიდნენ ესპანეთი და ეგვიპტე.
ბრაზილიელებმა კი D ჯგუფში გაიმარჯვეს და მეოთხედფინალში სწორედ ეგვიპტეს შეხვდებიან. D ჯგუფიდან ბრაზილიასთან ერთად გავიდა კოტ დ’ივუარი, ხოლო გერმანია და საუდის არაბეთი შინ გაემგზავრნენ.
„მშვიდობით, უმცროსო ძმებო!” — მიაწერა დუგლას ლუისმა ინსტაგრამზე ფოტოს, რომელზეც ის, მატეუს კუნია, რეინერ ჟესუსი და რიშარლისონი გავარდნილ მეზობლებს ხელს უქნევენ.
თუმცა, ნიშნის მოგება დუგლას ლუისის დაწყებული არ არის. არგენტინელმა ლეანდრო პარედესმა, რომელიც „პარი სენ ჟერმენში” თამაშობს, რამდენიმე დღის წინ, როდესაც რიშარლისონმა გერმანიას სამი გოლი გაუტანა (4:2), ასეთი კითხვა დაპოსტა: ფინალზე რას იტყვი?
ეს იყო „კოპა ამერიკას” ფინალის შეხსენება, სადაც არგენტინის ნაკრებმა ბრაზილიისას 1:0 მოუგო. იმ შეხვედრაში რიშარლისონიც თამაშობდა და პარედესიც.
რაც შეეხება ტოკიო 2020-ის საფეხბურთო ტურნირის შედეგებს, A ჯგუფიდან გავიდნენ იაპონია და მექსიკა (გავარდნენ საფრანგეთი და სამხრეთი აფრიკა), B ჯგუფიდან გავიდნენ სამხრეთ კორეა და ახალი ზელანდია (გავარდნენ რუმინეთი და ჰონდურასი), C და D ჯგუფის ამბები კი მოგახსენეთ.
მეოთხედფინალები გაიმართება 31 ივლისს. გუნდები ასე დაწყვილდნენ: იაპონია-ახალი ზელანდია; ესპანეთი-კოტ დ’ივუარი; სამხრეთ კორეა-მექსიკა; ბრაზილია-ეგვიპტე.