„ბარსელონა” ცდილობს ზედმეტი ფეხბურთელების გაყიდვა დააჩქაროს. კლუბს უნდა, ამ კვირაში რამდენიმე საკითხი მოაგვაროს. მათ შორისაა მირალემ პიანიჩის „დაბინავება”.

მოწადინებულია თავად ბოსნიელიც. ის ამბობს, რომ თუკი „იუვენტუსში” დააბრუნებენ, მზად არის ნაკლებ ხელფასს დაყაბულდეს. ლაპარაკია პირველ წელიწადს იჯარასა და მეორე წელიწადს კონტრაქტის დადების პერსპექტივაზე.

თავის მხრივ, „იუვე” არონ რემზის გაშვებას ჩქარობს. ამ ფეხბურთელით „ვულვერჰემპტონი” და „ტოტენჰემ ჰოთსფური” არიან დაინტერესებულები. რემზი, სავარაუდოდ, იაფად გაიყიდება, მაგრამ ტურინული კლუბისთვის მთავარია პიანიჩის ხელფასი გამოთავისუფლდეს.

პიანიჩმა გულშემატკივარს სოციალური მედიით მიმართა და მოთმინება სთხოვა. ის ელის როდის დალაგდება ყველაფერი ისე, რომ სასურველ „იუვეში” გადასვლა ვეღარაფერმა დააბრკოლოს. მისი აგენტები კი, რასაკვირველია, სათადარიდო ვარიანტებსაც ამზადებენ — „რომასა” და „ინტერთან” მუშაობენ.

პიანიჩმა რონალდ კუმანის ხელში, „ბარსელონას” შემადგენლობაში იმდენი თამაში ვერ ჩაატარა, რამდენისაც მისგან ელოდნენ. მას, ფაქტობრივად, შეხვედრების მესამედშიც კი არ მიუღია მონაწილეობა.

პიანიჩის გაყიდვით დიდ ხეირს ვერც „ბარსელონა” ნახავს. ამ ოპერაციით ისიც მხოლოდ სახელფასო ფონდის შემცირებას ცდილობს.