სანდრო ბაზაძე, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიურ მედლამდე სულ ცოტა დააკლდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, მიმართავს თანამემამულეებს და მათ, ვინც მისი ნახევარფინალური ფარიკაობა უნგრელ არონ სილაგის წინააღმდეგ არაობიექტურად განსაჯა. გახსოვთ, როცა ანგარიში 13:13 გახლდათ, სანდროს მოპოვებული ქულა მოულოდნელად სილაგის მიანიჭეს. არადა, ჩვენიანის ჩხვლეტა იმდენად აშკარა იყო, მსაჯების გადაწყვეტილებამ მეტოქეც კი გააკვირვა…
„მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო. პირველ რიგში უღრმესი მადლობა თითოეულ ქართველს ესეთი მხარდაჭერისთვის!!! თქვენ მე გამაძლიერეთ და მომეცით ძალა, რომ ყურები არ ჩამომეყარა და ამას არასდროს არ ვიზამ!!! მე ვარ ქართველი მებრძოლი და ჩვენ ბრძოლაში ვიგებთ. სულ უსამართლობა და დაბრკოლებები მქონდა კარიერაში და მე თამამად ვიტყვი, რომ ეს ოლიმპიური თამაშები მე მეკუთვნოდა და ეს ყველამ კარგად იცის და დაინახა. მიყვარხარ საქართველო, მიყვარხართ ქართველებო და მადლობა დიდი“, – წერს სანდრო.
ნახევარფინალში 13:15 დამარცხების შემდეგ სანდრო ბაზაძე ფსიქოლოგიურად გატყდა და მესამე ადგილი სამხრეთკორეელ კიმ ჟუნგვანს 11:15 დაუთმო.
