ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მეორე ოლიმპიურ ოქროს მედალს ვერ შეწვდა. არადა, რა ახლოს იყო. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შავდათუაშვილი ფინალში მასპინძელ შოჰეი ონოს დაეჭიდა. თითქმის 11 წუთის მანძილზე ქართველი სპორტსმენი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ…

ძირითადი დრო უქულოდ დასრულდა, დამატებით დროში კი, პირველი გდება ონომ გააკეთა და ჩვენებური მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა.

ფინალამდე შავდათუაშვილმა ფრანგ გულემ ჩაინეს ვაზარით სძლია, მერვედფინალში ჯიბუტელი ალდე-ალექსანდერ ჰუსეინი დაამარცხა, ხოლო კანადელ არტურ მარგელიდონთან შეხვედრაში ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, დამატებული დროის მესამე წუთზე კი, შავდათუაშვილმა გამარჯვება იპონით მოიპოვა. დამატებითი დრო გახდა საჭირო ნახევარფინალშიც, სადაც ლაშას მეტოქე სამხრეთ კორეელი ჩანგრიმ ანი იყო. შეხვედრამ 8:37 წუთს გასტანა, ჩვენებურმა მეტოქეს სამი შიდო მიაღებინა და ფინალის საგზური ასე მოიპოვა.

შეგახსენებთ, ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონია, 2016-ში ბრინჯაოს დასჯერდა, ახლა კი ვერცხლს…