ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. უკვე დიდი ხანია, რაც არგენტინელს და პორტუგალიელს მხოლოდ ფეხბურთში აღარ აჯიბრებენ ერთმანეთს. ვისაც არ ეზარება ათას უაზრობას ითვლის. ლამისაა ისიც კი დათვალონ, რომელს მეტი ვაშლი ან ბანანი აქვს ნაჭამი.
ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ მესიმ რონალდუს ინსტაგრამზე ლაიქების რეკორდი მოუხსნა. „ბარსელონას” კაპიტანმა „კოპა ამერიკა” მოიგო და თასთან სურათი გადაიღო. ხსენებულმა ფოტომ 20 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურება. ცნობისათვის: მარტო არგენტინის მოსახლეობა 44 938 712 ადამიანს უდრის, მესის კი თავგადაკლული ქომაგები მთელს დედამიწაზე ჰყავს.
მოკლედ, სოციალური მედიის ისტორიაში ამდენი ლაიქი არაფერს ჰქონია. აქამდე კი, თურმე, რეკორდსმენი ყოფილა რონალდუ, რომელსაც 2020 წლის ნოემბერში, ლეგენდარულ დიეგო მარადონასთან გადაღებული ფოტო 19,8 მილიონმა ადამიანმა მოუწონა.
რეკორდსმენ ფოტოზე მესის ასეთი სიტყვები ჰქონდა წარწერილი: „რა შესანიშნავი სიგიჟეა! გმადლობ, ღრმერთო! ჩვენ ჩემპიონები ვართ”.
მესი, რომელმაც დიდი სანაკრებო ჯილდო პირველად 34 წლისამ მოიგო, ახლა, მეუღლესთან ერთად მაიამიში ისვენებს. ამასობაში კი, როგორც ესპანეთიდან იტყობინებიან, მან და „ბარსელონამ” უკვე მოაგვარეს პრობლემური საკითხები და მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი „კამპ ნოუზე” დარჩება.
სხვა საქმეა, რომ ამისათვის, მესის ხელფასის განახევრებაზე მოუხდა დათანხმება. მოგეხსენებათ, კორონა-ეკონომიკური კრიზისის გამო, „ბარსა” ახალი ფეხბურთელების ყიდვაში დიდ სიფრთხილეს იჩენს. ახალწვეულები, 33 წლის სერხიო აგუერო, 20 წლის ერიკ გარსია და 27 წლის მემფის დეპაი, თავისუფალი აგენტები იყვნენ და ჟოან ლაპორტას მათში ცენტიც არ გადაუხდია.
მესის „ბარსელონაში” დასატოვებლად კატალონიური კლუბი ფრანგი ანტუან გრიზმანის გაყიდვასაც ცდილობს. მას, სავარაუდოდ, ყოფილი კლუბი, მადრიდის „ატლეტიკო” იყიდის.
ბარსელონელებმა გასაყიდად გაამზადეს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი: 27 წლის სამუელ უმტიტი, 31 წლის მირალემ პიანიჩი, 24 წლის ოსმან დემბელე და 29 წლის ფილიპე კოუტინიუ.