ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა, 40 წლის უეინ ბრიჯმა თქვა, რომ ევრო 2020-ში იტალიის ნაკრების გამარჯვება ორმაგად ეწყინა, რადგან მას რობერტო მანჩინი ეზიზღება.
ვეტერანი 40 წლისაა. ის „სიტიში” 2009 წელს მივიდა, სწორედ მაშინ, როდესაც გუნდი რობერტო მანჩინის ჩააბარეს. თავიდან ბრიჯი რეგულარულად ხვდებოდა შემადგენლობაში, შემდეგ კი მანჩინიმ აითვალწუნა და იჯარით ჯერ „ვესტ ჰემში”, შემდეგ „სანდერლენდში” და ბოლოს „ბრაიტონში” გაუშვა. 2013 წელს უეინ ბრიჯმა „მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი გაწყვიტა და „რიდინგში” გადავიდა, სადაც 2014-ში კარიერა დაასრულა.
ბრიჯმა, რომელსაც ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 36 თამაში აქვს ჩატარებული, 11 ივლისს უყურა, როგორ მოუგო პენალტებით იტალიამ გარეთ საუთგეიტის გუნდს და თავი ყველა ინგლისელ გულშემატკივარზე გაწბილებულად იგრძნო, რადგან გარდა იმისა, რომ მისი ქვეყნის ნაკრები დამარცხდა, იზეიმა კაცმა, რომელიც მას სძულს.
„დიახ, მე იტალიის გამარჯვება განსაკუთრებით მეწყინა, რადგან მანჩინი მეზიზღება და ეს ყველამ კარგად იცის. ნამდვილად არ ვიტყვი, რომ როგორც ტაქტიკოსი მასზე უარესი არავინ მინახავს, მაგრამ რა ქებაც ერგო, იმის ღირსი ნამდვილად არ არის.
მე და ჩემი ოჯახი მხოლოდ ინგლისის ნაკრებს კი არ ვქომაგობდით, არამედ გვინდოდა პირადად მანჩინის დამარცხება გვენახა. ამიტომაც, მატკინა ფინალმა გული.
ყოჩაღ მას, „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგა რომ მოაგებინა. ამ კლუბის გულშემატკივრებს ის ყოველთვის ეყვარებათ, მაგრამ თუ „სიტის” მაშინდელ შემადგენლობას გაიხსენებთ, მიხვდებით, რომ ჩემპიონები ფეხბურთელები გახდნენ. იქ, მწვრთნელი მთავარი არ იყო.
„სიტიში”, მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე თვე გავატარე და მასთან კონფლიქტი არ მომსვლია, მაგრამ მისი ვარჯიშები ძალიან არ მომწონდა.
ჩვენ გუნდურ თამაშს მანეკენების წინააღმდეგ ვამუშავებდით. მე განაპირა მცველი ვიყავი და მანჩინი ასე მიჩიჩინებდა: შენ ბურთი უნდა მიაწოდო ამას ან ამას. თუ პირველს მიაწვდი, იქით გაიქცევი, თუ მეორეს — აქეთ. ის სულ ორ ვარიანტს მიტოვებდა, მე კი ვფიქრობ, რომ მანეკენებთან ორი ვარიანტით თამაში ფეხბურთი არ არის.
ერთხელ, კრეიგ ბელამიმ ჰკითხა, კი მაგრამ, თუ მოვლენები ასე და ასე განვითარდება რა გავაკეთოო, რაზეც მანჩინიმ მკვახედ უპასუხა: მოკეტე, ჩუმად იყავი. ბოლოს კი ბელამი შინ გაუშვა და ვარჯიშზე აღარც დაუბარებია.
მანჩინის, როგორც მწვრთნელის, არაფერი მესმოდა”.