„ბარსელონამ” ლეო მესისთან შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს დღეებში ამის შესახებ ოფიციალურად ამცნობს საზოგადოებას. შეთანხმების ძირითადი ნაწილი ის არის რომ მესი კლუბში 5 წლით რჩება, ყაბულსაა ადრინდელი ხელფასის ნახევარი გადაუხადონ და მის გამოსასყიდ თანხად დაითქვა 350 მილიონი ევრო.

„მარკა” წერს, რომ მესი და კლუბი ზოგ პუნქტზე წამებში შეთანხმდნენ, ზოგს კი ხანგრძლივი მსჯელობა დასჭირდა. მოლაპარაკებების პროცესში მთავარი ასეთი საკითხები ყოფილა:

***

ხელფასის შემცირებაზე არგენტინელს მყისიერად უთქვამს თანხმობა. მას ესმის, რომ კლუბი რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია. თანაც, ყოველთვის იმეორებდა, რომ ფულის მისი წასვლა-დარჩენის საკითხში მთავარი არ არის. ახლა, „ბარსელონას” გვარიანი თანხა გაუთავისუფლდა და ამ ფულით შეუძლია ახალი მოთამაშეები შეიძინოს.

***

შედარებით რთული აღმოჩნდა ვადაზე შეთანხმება. თვეების განმავლობაში იხილავდნენ ბევრ ვარიანტს. იყო ლაპარაკი ათწლიან, ორწლიან და მცოცავ კონტრაქტზეც კი. მცოცავი კონტრაქტი იმას ნიშნავს, რომ მხარეები თანხმდებიან არა იმ თარიღზე, რომლამდეც ვალდებულები არიან ხელშეკრულებაში ჩაწერილი პირობები დაცვან, არამედ რაღაც პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც ერთსაც შეუძლია გამოაცხადოს, რომ თანამშრომლობა აღარ უნდა და მეორესაც.

საბოლოოდ ხუთ წელიწადზე მორიგდნენ, თუმცა „მარკა” გვახსენებს, რომ ადრე ბევრი ლაპარაკი იყო ამერიკულ MLS ლიგაზეც და ჯერჯერობით ნათლად არ ჩანს მესი ხსენებული 5 წლიდან ხუთივეს ესპანეთში გაატარებს თუ ორს ესპანეთში და სამს აშშ-ში.

***

მესის ჰქონდა პრინციპული პოზიცია. მას არ უნდოდა უწინდელის მსგავსი გაუგებრობა საგადასახადო სამსახურებთან, რის გამოც „ბარსელონას” მაქსიმალურად დახვეწილ კონტრაქტს სთხოვდა. შესაბამისად, „ბარსას” შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში გადიოდნენ კონსულტაციებს ესპანეთის საგადასახადო სამსახურებთან და ხელშეკრულება მანამდე არ გაფორმდა, სანამ ყველა წვრილმანი არ გაირკვა.

***

პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას სურდა რაც შეიძლება მალე გაეფორმებინა მესისთან ხელშეკრულება, რადგან ბევრი სპონსორი, მათ შორის ისეთი მონსტრი, როგორიც არის იაპონური Rakuten მოლაპარაკებების შედეგს ელოდა — თუ არგენტინელი დარჩებოდა, ის კატალონიელებს დააფინანსებდა, ხოლო თუ მხარეები ვერ შეთანხმდებოდნენ, სპონსორობაზე უარს იტყოდა. ასეთივე პოზიცია ჰქონდა ბევრ სხვა ძველ თუ ბევრ ახალ სპონსორსაც.

***

პრობლემურ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი იყო დაგროვებული გადასახადები. მესის შეუსრულებელი ვალდებულებებისა და გადავადებული გადასახადების საახით ჯამში 80 მილიონი ევრო მართებს და ამ საკითხზე მოლაპარაკებას გვარიანი დრო და ძალიასხმევა დასჭირდა. მიზეზი: ეს თანხა „ბარსელონასთვისაც” ძალიან დიდია.

***

თუმცა, მესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სპორტული მხარე იყო. მას „ბარსელონაში” დარჩენა რასაკვირველია უნდოდა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარწმუნდებოდა, რომ მისი გუნდი ძველებურად ძლიერი იქნებოდა და დიდი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებდა.

რასაკვირველია, მან კარგად იცის, რომ კორონაპანდემიით გამოწვეული ფინანსსური კრიზისის ეპოქაში გუნდის ახალი ვარსკვლავებით გაძლიერება იოლი საქმე არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი დაარწმუნა, რომ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას შეძლებს.

ჯერჯერობით „ბარსამ” დაიმატა ერიკ გარსია, მემფის დეპაი და სერხიო აგუერო.