„მარკა” წერს, რომ ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ქვეყნის ჩემპიონატის ფორმატის შეცვლა ჩაიფიქრა და საზოგადოებას გარკვეული იდეებიც გააცნო.
მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, რუბიალესს სურს, ესპანეთის ლა ლიგაში ნაკლები გუნდი თამაშობდეს, ნაკლები არაფრისმთქმელი მატჩი ჩატარდეს, ოღონდ უფრო მეტჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ის გუნდები, რომლებიც ერთიდაიმავე მიზნისთვის იბრძვიან და შესაბამისად გაიზარდოს დაძაბული თამაშების რაოდენობა. და კიდევ, რუბიალესს უნდა, ჩემპიონატის დამაგვირგვინებელი ეტაპის შეხვედრები ნეიტრალურ მოედნებზე, ფულის გადამხდელ ქვეყნებში (საუდის არაბეთი, აშშ-ის სამხრეთი შტატები და სხვა) ჩატარდეს.
პრეზიდენტი იმასაც იმედოვნებს, რომ 2024 წლიდან პირველობა ჩემპიონთა ლიგის მსგავს ფორმატზე გადავა, თუმცა ლა ლიგის შეფს, ხავიერ ტებასს კოლეგის ინიციატივა მაინცდამაინც არ ეხატება გულზე.
რუბიალესმა ოთხშაბათს თქვა, რომ ამ თემებზე ტებასთან აპირებს მსჯელობას, თუმცა ტებასი ჯერჯერობით საუბარს ემალება.
მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყნებში ეროვნული ჩემპიონატები ფაქტობრივად ერთი და იმავე სისტემით ტარდება: გუნდები ორ წრედ, შინ და სტუმრად ხვდენიან ერთმანეთს. მცირე განსხვავებებია ლიგიდან ლიგაში გავარდნისა და აღზევების ეტაპზე, თუმცა ევროპელები იქაც ძირითადად ერთმანეთის მსგავს ფორმატს ეყრდნობიან.
მას მერე, რაც რუბიალესი სათავეში ჩაუდგა ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციას, შეიცვალა სეგუნდა B ლიგის, სამეფო თასის, ესპანეთის სუპერთასის და ქალთა ჩემპიონატის ფორმატები. როგორც „მარკა” ამბობს, ისინი უფრო საინტერესო გახდა. და ახლა, რუბიალესის აზრით ლა ლიგას ჯერიც დადგა, სადაც უპირველეს ყოვლისა გუნდების რაოდენობა უნდა შემცირდეს.