ბილინგემი და რაისი

რასაკვირველია, ევრო 2020-ზე იტალიასთან ფინალის წაგება სამწუხარო იყო, მაგრამ ინგლისური ფეხბურთის მომავალი რომ ნათელია, ამის მისახვედრად საკმარისია გადახედოთ, რამდენი ნიჭიერ მოთამაშეს ზრდიან ქვეყნის საფეხბურთო აკადემიები. პრემიერლიგის კლუბების დღევანდელი აკადემიები რომ შევადაროთ 2004 წლისას, როდესაც მე პირველად ჩამოვედი ინგლისში, ფრიად მარტივ დასკვნას გავაკეთებთ: ჩვენ უდიდესი პროგრესის მოწმენი ვართ, — თქვა „რომას” ახალმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ ევრო 2020-ისადმი მიძღვნილ თავის ბოლო ბლოგში, რომელიც „სანმა” დაბეჭდა.

პორტუგალიელმა განაგრძო: იმედი მაქვს, რომ პრემიერლიგის წამყვანი კლუბების მწვრთნელები მხოლოდ თავიანთ გუნდებზე არ ფიქრობენ, ისინი ინგლისის ნაკრებზეც ზრუნავენ და ამ ახალგაზრდებს სათამაშო პრაქტიკას არ მოაკლებენ.

ვიცი, მე რომ ბიჭებზე ვლაპარაკობ, ისინი ჯერ პატარები არიან, დაახლოებით 17 წლისანი. მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატი მათთვის ადრეა, მაგრამ მაგალითად „ტოტენჰემს” ჰყავს თავდამსხმელი დეინ სკარლეტი, რომელიც წესით ფენომენალური ფეხბურთელი უნდა გახდეს და ევრო 2024-ზე თავი გამოიჩინოს.

ვიცი, რომ ნიჭიერი ბავშვები მოდიან „მანჩესტერ იუნაიტედში”, „ჩელსიში” და სხვა კლუბებში, რადგან ინგლისში ტექნიკური ფეხბურთელების აღზრდა ახლა წარმოუდგენლად მაღალ დონეზეა.

და ინგლისის ნაკრების საქმეც სულაც არ არის ცუდად. გადახედეთ ახლანდელი გუნდის მოთამაშეთა ასაკს და ნახავთ, რომ მათ 50 პროცენტს კიდევ ორ-სამ ევროზე ან მსოფლიოს ორ-სამ ჩემპიონატზე შეუძლია გამოსვლა.

ინგლისის ნაკრების გადასახედიდან ძალიან საინტერესო გუნდია „მანჩესტერ იუნაიტედი”. ჯეიდონ სანჩო, მარკუს რეშფორდი და მეისონ გრინვუდი ევრო 2020-ზე ძირითადში არ იყვნენ, მაგრამ გაისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე, გაცილებით დაღვინებულები იქნებიან.

სამი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი ერთ გუნდში!

თუმცა, რომელი მათგანი ითამაშებს რეგულარულად და რომელს დააკლდება პრაქტიკა, ეს „იუნაიტედის” მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული.

ფილ ფოდენი, გრინვუდი, სანჩო, რეშფორდი, ჯეკ გრილიში და ჯეიმს მედისონი — აი, ამ დონის ფეხბურთელებს ზრდიან ინგლისური კლუბები.

ამათ დაამატეთ ჯუდ ბილინგემი, რომელსაც ევრო 2020-ზე ბევრი არ უთამაშია, რადგან ინგლისის ნაკრებს ანგარიშის გასათანაბრებლად არ უხდებოდა ბრძოლა — ინგლისი მთელს ჩემპიონატზე სულ 8 წუთის განმავლობაში ჩამორჩებოდა მოწინაარმდეგეს. არადა, როდესაც საქმე ეხება გარისკვას და საგოლე მომენტის შექმნას ბილინგემი სხვებს სჯობს.

დეინ სკარლეტი

თუ ორი პოზიციურად მოთამაშე ფეხბურთელი გჭირდება, დასახელება მარტივია: კელვინ ფილიპსი და დეკლან რაისი, მაგრამ ბილიგემი მათზე მეტია.

ვფიქრობ, შესარჩევებში, სადაც მეტოქეთა დონე უფრო დაბალია და სხვანაირი ფეხბურთის თამაშიც შეიძლება, არჩევანს ბილიგემსა და რაისზე შეაჩერებენ.

მომდევნო 16 თვეში ბილინგემი „დორტმუნდში” დიდ პრაქტიკას მიიღებს — უფრო სწრაფი, ღონიერი და დაღვინებული გახდება.

კიდევ ერთი, ვისზეც მინდა შევაჩერო ყურადღება არის ბაკაიო საკა და ნუ ღელავთ იმაზე, რომ მან პენალტი ვერ გაიტანა.

მე არ დავიწყებ ფინალში დარტყმული თერთმეტმეტრიანების ანალიზს, რადგან თავად გახლავართ პენალტებში წაგების სპეციალისტი. უბრალოდ ვიტყვი, რომ საკა ის ახალგაზრდაა, რომელიც სულ უკეთ და უკეთ ითამაშებს.

„ჩელსიში” რომ ვმუშაობდი, არიენ რობენის და დემიენ დაფის წყალობით დავიწყე გარემარბების შუაში შევარდნის პრაქტიკა. ძალიან მიყვარს გარემარბები, რომლებიც ფლანგიდან შუაში შედიან და მსურს ეს ხერხი საკას შესრულებითაც ვნახო.

ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს საიმისოდ, რომ მომავალში ინგლისის ნაკრების იმედი გვქონდეს.

წინ გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავების კიდევ 16 თვეა, ასე რომ გარეთ საუთგეიტსა და მის ფეხბურთელებს ყატარიდან შეუძლიათ იმღერონ It’s Coming Home (ის შინ ბრუნდება).