მარკუს რეშფორდმა თქვა, რომ გულშემატკივრის მხარდაჭერამ ცრემლებამდე მიიყვანა. რეშფორდმა ევრო 2020-ის ფინალში, მას მერე რაც ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტი უმწიფრად შეასრულა, ძელს გაარტყა ბურთი. ამის გამო ის ქომაგთა გაავებული ნაწილის ლანძღვის ობიექტი გახდა და ვინაიდან აფრიკული წარმოშობისაა, შეურაცხყოფის ნიაღვარში რასისტულიც მოტივიც მრავლად იყო.

შეურაცხმყოფელი წარწერებით გადაიჯღაბნა მანჩესტერში, კერძოდ ვითინგტონში კედელზე გამოსახული მისი პორტრეტი, მაგრამ მრავლად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც შებილწულ კედელზე იზრუნეს, მას გულები მიაკრეს და კეთილი სიტყვებით სავსე წარწერები მიამაგრეს. რეშფორდს უგზავნიდნენ მესიჯებს. წერდნენ, რომ ის მათი გმირი და სამაგალითო პიროვნებაა.

23 წლის რეშფორდის გარდა იტალიელებთან შეხვედრაში პენალტები ვერ გაიტანეს 21 წლის ჯეიდონ სანჩომ და 19 წლის ბაკაიო საკამ. სამივე აფრიკული წარმოშობის ინგლისელია და როგორც ინგლისური პრესა წერს, სოციალური ქსელები მაიმუნების გამოსახულებით გადავსებულა.

რეშფორდმა ტვიტერში აცილებული პენალტისთვის ბოდიში მოიხადა:

„შემიძლია ჩემი დარტყმული პენალტი მთელი დღე ვაკრიტიკო. ვალდებული ვიყავი გოლი გამეტანა და ეს რომ ვერ შევძელი ბოდიშს ვიხდი, მაგრამ არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, თუ ვინ ვარ და საიდან ვარ წარმოშობით.

არასდროს ვყოფილვარ იმაზე ამაყი, როდესაც მაშინ, როდესაც სამლომიანი ემბლემით მკერდდამშვენებული გავდიოდი მოედანზე და ტრიბუნიდან ათეულობით ათას ადამიანთან ერთად ჩემი ოჯახიც მამხნევებდა.

მესიჯები, რომლებიც დღეს უამრავი ფანისგან მივიღე, სიხარულითა და ემოციით მავსებს.

მაგრამ, დაე ყველამ იცოდეს, რომ მე ვარ მარკუს რეშფორდი, 23 წლის შავკანიანი სამხრეთ მანჩესტერიდან, ვითინგტონიდან და ვითენშეივიდან.

და ამ ცხოვრებაში სხვა რომ არაფერი მებადოს, ეს სულ ჩემთან იქნება!”