ევრო 2020-ის ფინალი, რომელშიც იტალიის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს ძირითად და დამატებით დროში ნათამაშები 1:1-ის შემდეგ პენალტებით მოუგო, ბრიტანული ტელევიზიის ისტორიაში მაყურებელთა რაოდენობით მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

თამაშს გადასცემდა ორი ტელეკომპანია BBC და ITV, რომელთაც ერთად 31,1 მილიონი მაყურებელი დაუგროვდათ.

არსებობს ასეთი Overnights.tv რომელიც მთელი მსოფლიოს მედიაინდუსტრიის რეიტინგს აქვეყნებს და ფინალის ამბავიც სწორედ აქედან გახდა ცნობილი. მან კი ინფორმაცია მაუწყებელთა აუდიტორიის კვლევის საბჭოდან მიიღო.

როგორც ირკვევა, ინგლისური ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ბევრი მაყურებელი ისევ ფეხბურთს, 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს ჰქონია. 55 წლის წინანდელ შეხვედრას, რომელშიც ინგლისმა დასავლეთ გერმანიას დამატებით დროში 4:2 მოუგო, 32,3 მილიონი ადამიანი უყურებდა.

მეორე ადგილზე ფეხბურთი არ არის. 32,1 მილიონი მაყურებული ჰყავდა 1997 წელს ბრიტანელთა საყვარელი პრინცესა დაიანას გასვენებას. საინტერესოა, რომ ამ მოვლენასაც BBC და ITV გადასცემდნენ.

ამავე ორ არხზე შემოიკრიბა 30,7 მილიონი მაყურებელი 1969 წლის დოკუმენტურმა ფილმმა სამეფო ოჯახის შესახებ, რომელსაც ორ დღეს გადასცემდნენ. ეს გახლდათ ისტორიაში მეოთხე შედეგი.

მეხუთე კი სერიალია. ინგლისში არის ეგრეთწოდებული საპნის ოპერა სახელწოდებით „ისტენდერზი”, რომელიც 1985 წლიდან გადის. აი, ამ სერიალის ერთმა საშობაო სერიამ იმის შესახებ, თუ როგორ მიატოვა ვიღაც ბინძურმა დენმა ცოლი ენჯი, 1986 წელს 30,15 მილიონი ადამიანი მიაჯაჭვა ეკრანთან.