იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და ტიფოზები ქალაქების ქუჩებს მოედნენ. რობერტო მანჩინის გუნდმა ძირითად და დამატებით დროში 1:1-ის მერე ინგლისის ნაკრები პენალტებით დაამარცხა.

ინგლისელთაგან ბოლო სამი პენალტი მარკუს რეშფორდმა, ჯეიდონ სანჩომ და ბაკაიო საკამ დაარტყეს. რეშფორდმა ძელს გაარტყა ბურთი, სანჩოსა და საკას კი იტალიელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ აჯობა. სამივე ინგლისელმა გულშემატკივარს თერთმეტმეტრიანის შესრულების უმწიფარი ვარიანტი აჩვენა.

იტალიამ ორი პენალტი ვერ გაიტანა. ჯერ ანდრეა ბელოტის აუღო მეკარე ჯორდან პიკფორდმა, შემდეგ კი ჟორჟინიოს, მაგრამ გატანილ-გაშვებულთა ჯამი „სკუადრა აძურას” სასარგებლო გამოვიდა.

დიდმა გამარჯვებამ, იტალიაში უზღვავი სიხარული გამოიწვია. ხალხი ქუჩებში გამოვიდა.

სამი წლის წინ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები საერთოდ ვერ მოხვდა, შესარჩევი ეტაპიც კი ვერ დაძლია და აი, დიდებული დაბრუნება! რობერტო მანჩინის ხელში გუნდმა სახე იცვალა და კონტინენტის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

როგორც იტყობინებიან, ყველაზე დიდი ზეიმი რომში გაიმართა.

ეს გახლდათ „სკუადრა აძურას” მეორე ევროპული ტიტული. პირველად იტალიელებმა 1968 წელს გაიმარჯვეს, როდესაც სწორედ რომში მოუგეს იუგოსლავიას 2:0. ეს შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ ორი დღით ადრე, პირველმა ფინალურმა თამაშმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა — 120 წუთი 0:0 დასრულდა.

შემდეგ, იტალიის ნაკრები კიდევ ორჯერ იყო ფინალში. 2000 წელს, იმდროინდელ მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებთან წააგო დამატებით დროში გაშვებული ეგრეთწოდებული „ოქროს გოლით”  (1:2), 2012 წელს კი ასევე იმდროინდელ მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.