კონმებოლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, კოპა ამერიკა 2021-ის საუკეთესო ფეხბურთელად ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაასახელა, არგენტინელი ლეო მესი და ბრაზილიელი ნეიმარი.

რიო დე ჟანეიროს დროით შაბათ საღამოს, 10 ივლისს, საქართველოს დროით კვირას, გამთენიისას, „მარაკანაზე” არგენტინის ნაკრებმა ბრაზილიისას 1:0 მოუგო და ჩემპიონი გახდა. კონმებოლს კი ნეიმარსა მესის შორის არჩევანის გაკეთება გაუჭირდა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ორივე დაასახელა.

კონმებოლმა განცხადებაც გაავრცელა: „ჩვენს შემთხვევაში ერთი მოთამაშის არჩევა ძნელია, რადგან შეჯიბრებას ორი საუკეთესო ჰყავდა. ისინი ყოველ შეხვედრაში აჩვენებდნენ თავიანთ გამორჩეულ თვისებებს, რაც მათ წარმოაჩენდა, როგორც განსაკუთრებულ, ტექნიკურად და ტაქტიკურად სრულყოფილ ფეხბურთელებს.

ორივე მათგანის გუნდი ფინალში გავიდა. მათ ითამაშეს უმაღლეს დონეზე. ისინი იყვნენ თავიანთი ნაკრებების საკვანძო ფეხბურთელები, რომელთაც გოლების გატანაში დიდი როლი ითამაშეს. მათ თავადაც გაჰქონდათ და საგოლე პასებითაც გამოირჩეოდნენ — არგენტინელმა გადააწოდა ხუთი, ხოლო ბრაზილიელმა სამი საგოლე პასი — რაც იმის მაჩვენებელია, თუ რა მნიშვნელოვანი იყო მათი მონაწილეობა კოპა ამერიკა 2021-ზე”.

ორი ფეხბურთელის საუკეთესოდ დასახელების გადაწყვეტილება კონმებოლის სპეციალურმა ტექნიკურმა ჯგუფმა მიიღო.