9-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 6-ჯერ უიმბლდონი, 3-ჯერ ამერიკის ღია პირველობა, 2-ჯერ „როლან გაროსი“ – ეს ნოვაკ ჯოკოვიჩის ის მონაგარია, რითაც დღეიდან უკვე მსოფლიო ჩოგბურთის დიდებულებს – როჯერ ფედერერსა და რაფა ნადალს გაუთანაბრდა…

დიახ, სადღეისოდ რეიტინგის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მე-6 მოიგო უიმბლდონი და ჯამში მე-20 გრანდ სლემი მოიპოვა. ფინალში სერბმა ვარსკვლავმა იტალიელ მატეო ბერეტინის ოთხ სეტში – 6:7 6:4 6:4 6:3 სძლია.

„ნოლეს“ უპირატესობა განსაკუთრებით ანგარიშის გათანაბრების შემდეგ გამოიკვეთა. ჯოკოვიჩი მეტოქის უძლიერეს ჩაწოდებას იოლად უმკლავდებოდა და შესაბამისად სეტიც სათავისოდ  დაასრულა 6:4. ბოლო სეტში იტალიელმა ერთიც გაიბრძოლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა – 6:3.

სერბმა ჩოგბურთელმა მიმდინარე სეზონში მესამე დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ისტორიული შანსი აქვს კალენდარული გრანდ სლემი შეასრულოს.