ინგლისური ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი და ნაკრების მწვრთნელი გლენ ჰოდლი ორი კვირის წინ, იტალიისა და ავსტრიის მერვედფინალურ შეხვედრას (იტალიამ მოიგო დამატებით დროში 2:1) ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს და ახლა, ფინალის წინ ამბობს, რომ იმ დღეს „სკუადრა აძურას” ხინჯი შეამჩნია.

ზემოთ ნახსენები შეხვედრის 65-ე წუთზე იყო ეპიზოდი როდესაც ავსტრიელმა მარკო არნაუტოვიჩმა ბურთი იტალიელების კარში შეაგდო. მანამდე რობერტო მანჩინის გუნდს ევრო 2020-ზე გოლი არ ჰქონდა გაშვებული. ეპიზოდი VAR-მა შეამოწმა და იტალია გადარჩა, თუმცა იყო დაახლოებით ორწუთიანი მონაკვეთი, როდესაც „სკუადრა აძურას” ფეხბურთელები ვიდეორეფერის გადაწყვეტილებას დაძაბულები ელოდნენ.

გლენ ჰოდლი ამბობს, რომ ამის შემდეგ იტალიის ნაკრებმა სისუსტე გამოამჟღავნა.

„იმ მომენტში მე იტალიელებს პანიკა შევამჩნიე, — თქვა მან, — მანამდე მათ გოლი არ ჰქონდათ გაშვებული და გაშვებამ შეაშინა. ამას მოჰყვა 15 წუთიანი მონაკვეთი, როდესაც ნამდვილად ძლიერ გუნდს მათი გატეხვა შეეძლო.

საქმე ის არის, რომ იტალიის ნაკრები საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია და ფეხბურთელები ემოციას ვერ იმორჩილებენ. ავსტრიასთან, არნაუტოვიჩის არჩათვლილი გოლის შემდეგ, ისინი კალაპოტიდან ამოვარდნენ. ეს იყო მათი აქილევსის ქუსლი, რომელიც მანამდე არ ჰქონდათ გამომჟღავნებული. ამ ტურნირზე შესანიშნავად მოთამაშე ჟორჟინიო რომ არა, ავსტრიასთანაც ძალიან გაუჭირდებოდათ.

დამატებით დროში ავსტრია ფიზიკურადაც უფრო საღად იყო და თამაშითაც უკეთ თამაშობდა, მაგრამ თანდათანობით იტალიელები დამშვიდნენ, სათავისო განწყობას დაუბრუნდნენ და გაიმარჯვეს”.

ჰოდლმა 1997 წელს, ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის პერიოდში, იტალიის ნაკრებთან დაპირისპირების საინტერესო გამოცდილება მიიღო. მაშინ, ინგლისის ეროვნული გუნდი 1998 წლის მუნდიალზე სწორედ რომში ნათამაშები 0:0-ის წყალობით მოხვდა. აღსანიშნავია, რომ იმ შესარჩევ ჯგუფში იტალიასთან და ინგლისთან ერთად იყო საქართველოც, რომელმაც ინგლისთან ორივე შეხვედრა 0:2 წააგო, იტალიასთან კი თბილისში 0:0 ითამაშა, ხოლო სტუმრად 0:1 დამარცხდა.

გლენ ჰოდლმა რობერტო მანჩინის შესახებაც ილაპარაკა.

„მანჩინის ნაკრები გუნდურად მოქმედებს. იქ სისტემა ფეხბურთელზე მნიშვნელოვანია. იტალიელები ტურნირზე თვალშისაცემად მოხვდნენ, მაგრამ მაინც არავინ მიაქცია ყურადღება, რომ ეს გუნდი არ აგებს და გოლს არ უშვებს.

უცნაურია, რომ მართლია მე ფსონი მათ ნახევარფინალსა და ფინალში გასვლაზე დავდე, მაგრამ ჩემპიონად ამ გუნდს მაინც ვერ ვხედავ. იტალია ის გუნდია, რომელიც ვითარდება, მაგრამ სამუშაო დასრულებული არ არის”.