პარაგვაის ფეხბურთის ლეგენდამ, ვეტერანმა მეკარემ ხოსე ლუის ჩილავერტმა კონტინენტის ფეხბურთის ასოციაციას, კონმებოლს კბილი გაჰკრა და თქვა, რომ „კოპა ამერიკას” ფინალის არბიტრი, ურუგვაელი ესტებან ოსტოიჩი არგენტინის წინააღმდეგ ანუ ბრაზილიის სასარგებლოდ იმსაჯებს.

ჩილავერტი ამბობს, რომ ლეო მესის ერთბაშად ორი მეტოქის დამარცხება მოუწევს, ბრაზილიის ნაკრების და კონმებოლის.

ფინალი რიოში, „მარაკანაზე”, თბილისის დროით 11 ივლისის გამთენიის 4 საათზე დაიწყება.

„მესი და მისი თანაგუნდელები მზად უნდა იყვნენ, რომ ერთად მოუწევთ ბრაზილიის ნაკრების, ნეიმარის, VAR-ის და კონმებოლის დამარცხება, — თქვა ჩილავერტმა, — კონმებოლი საშინელი ორგანიზაციაა. მან ფინალის მსაჯად მაინც ოსტოიჩი დანიშნა, არადა ყველამ ვნახეთ რა ჩაიდინა მან პარაგვაისა და პერუს შეხვედრაში. ოსტოიჩმა სრულიად უსამართლოდ გააძევა მოედნიდან პარაგვაის კაპიტანი გუსტავო გომესი, შემდეგ კი მის გზას პერუელი ანდრე კარილოც გაუყენა.

ბედნიერი ვიქნები თუკი მესი ფინალში მეურვეებისგან სამჯერ-ოთხჯერ გათავისუფლდება და სამ ან ოთხ გოლს გაიტანს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეჭვი არ მეპარება, მსაჯი მასპინძლებს მიუდგება. გენიოსმა მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა ამის დასაძლევად 1000 პროცენტი უნდა აჩვენონ”.