„მეორე ადგილზე გასვლა საკმარისი არ არის. თუ ინგლისი კვირას, ფინალში იტალიას ვერ მოუგებს, ეს მისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება, რადგან ტიტული ძალიან ახლოსაა, ერთი მატჩიღაა დარჩენილი, — უთხრა რადიო talkSPORTს ინგლისელთა ევრო 2020-ის ფინალში გასვლის შემდეგ ჟოზე მოურინიუმ, შემდეგ კი მისი ნალაპარაკევი „სანმა” გადაბეჭდა, — ინგლისელმა ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ თავი გაართვან ურთულეს ამოცანას და ასეთი რანგის მატჩში 0:1 ჩამორჩენა დაძლიონ.

მიკელ დასგაარდის მიერ ჯარიმიდან გატანილ გოლს ინგლისელთა ძლიერი რეაქცია მოჰყვა. არავინ დამალულა. ყველამ უმაღლეს დონეზე ითამაშა და აჩვენა, რომ დიდი სირთულის გადალახვა შეუძლიათ.

იტალია ცნობილია თავისი ნოუ ჰაუთი და პრაგმატიზმით. მას შეუძლია უმაღლეს დაძაბულობას გაუმკლავდეს. ასე რომ, წინ კიდევ ერთი დიდი შეხვედრა გველის, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იტალიის პოტენციალი დანიისაზე მეტია. ამიტომაც, მოუთმენლად ველი ფინალს.

ინგლისი ნახევარფინალში გამარჯვებას იმსახურებდა და ცუდად ნუ გამიგებთ, მისი გამარჯვება გამიხარდა. მე ამას ვამბობ როგორც ფეხბურთის კაცი, რომელიც მოვლენებს თავისი გადასახედიდან უყურებს, მაგრამ როდესაც ვნახე რის გამო დანიშნეს დანიის კარში პენალტი, მეწყინა. ინგლისელი ქომაგები შეიძლება გამიბრაზდნენ, მაგრამ ეს არ იყო პენალტი. არანაირად.

და მაინც, უფრო ძლიერმა მოიგო. ინგლისი დანიაზე ძლიერი გუნდია.

თუმცა, მსაჯის გადაწყვეტილებისა ვერაფერი გავიგე. მითუფრო, ევროზე, ნახევარფინალს სჯი.

კიდევ უფრო მეტად ვერ გავიგე, რატომ არ გაუშვა VAR-მა თავად მსაჯი ეპიზოდის მონიტორზე გადასამოწმებლად. რაჰიმ სტერლინგის წინააღმდეგ წესი არც პირველ მცველს დაურღვევია და არც მეორეს.

თამაშის დასაწყისში, ჯერ კიდევ დანიელების გოლამდე, ჯორდან პიკფორდი ჩანდა აღელვებული. ეტყობა, ნერვიულობას ვერ უმკლავდებოდა. ამიტომაც, მეკარის შეცდომას ველოდი, მაგრამ მის გარდა ინგლისის ნაკრების ერთ ფეხბურთელსაც არ ჰქონია თუნდაც ოდნავი ხინჯი.

დანიელებმა კი ისე ითამაშეს, როგორც ვფიქრობდი — ეს იყო მათი მაქსიმუმი. დამატებით დროში ისინი აშკარად დაღლილები იყვნენ, ინგლისს კი საუცხოო სათადარიგოთა სკამის წყალობით შეეძლო კიდევ უფრო მეტი ეთამაშა.

რასაკვირვრველია, დანიის გამარჯვებასაც არ გამოვრიცხავდი, მაგრამ მათ მწვრთნელს ვეტყოდი: გილოცავთ, რაც გააკეთეთ შესანიშნავი იყო, ოღონდ მე მოგებისთვის ცოტა სხვა გზას ავირჩევდი.

აი, მსაჯს კი გუშინ ღამით ალბათ ცუდად ეძინა.