ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა პეპ გვარდიოლას ტვიტერით გასცა პასუხი. ორიოდ დღის წინ, გვარდიოლამ მას მუშაობის სწავლა პრემიერლიგისგან ურჩია, რამაც ტებასი როგორც ჩანს გააბრაზა და მეტი გამომხატველობისთვის, გვარდიოლას მის მშობლიურ ენაზე, კატალონიურად მიუგო:

„მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგამ სატელევიზიო უფლებები მხოლოდ შვიდი წლით გაყიდა, პრემიერლიგას კი 30 წლით აქვს გაყიდული, ბოლო წლებში ჩვენ მასთან სხვაობა შევამცირეთ.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა ესპანეთისაზე 20 მილიონით მეტია.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ყოველწლიურად ვიზრდებით.

აგერ უკვე შვიდი წელიწადია, ჩვენი კლუბები მოგებაზე არიან. თქვენ კი გირჩევთ „სიტი გრუპზე” იდარდოთ, რომელიც ბოლო რამდენიმე სეზონია მილიარდებს კარგავს.

ისინი ხომ ინვესტორები არ არიან. ისინი არიან ფულის გამანადგურებლები, რომლებიც ინფლაციას იწვევენ.

როგორ ფიქრობთ, ფინანსური დოპინგის გარეშე ამდენ ტიტულს მოიგებდით?”

ტებასმა ასევე ტვიტერით გასცა პასუხი „ბარსელონას” დირექტორ ხავიერ სალა-ი-მარტინს, რომელმაც იკითხა, ჩვენი კლუბები ევროპაში ამდენს რომ იგებენ, მოგება რატომ მცირდებაო.