ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალიასთან პენალტებით დამარცხების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე იმედგაცრუებას ვერ მალავდა, მაგრამ ცდილობდა მომხდარი ამბის დადებითი მხარეები დაენახა.

„ამ ჩემპიონატით უნდა ვიამაყოთ, — თქვა მან, — ნაკრებმა თავისი ფეხბურთი ითამაშა. რასაკვირველია, გამარჯვება სასიამოვნოა, დამარცხება კი ცუდი, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა სიამაყე არ მოჰგვარა. მეც ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. გვყავს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებმაც ისეთ რაღაცებს აუღეს ალღო, ასაკის გამო რომ უნდა გაჭირვებოდათ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დამატებით დროში იტალიელებს უნდოდათ მალე მოსულიყო პენალტების დრო, ჩვენ კი კიდევ ნახევარ საათს უფრო დიდი სიამოვნებით ვითამაშებდით”.

კითხვაზე, რამდენად გაიზარდა ესპანეთის ნაკრები, ლუის ენრიკემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, გაიზარდა. ჯერ კიდევ სანამ ევროპის ჩემპიონატისთვის შევიკრიბებოდით, მე ვხედავდი ადამიანების ჯგუფს, რომელსაც წარმატება სწყუროდა. ჩვენ თავიდანვე გვინდოდა შეგვექმნა გუნდი, რომელშიც ითამაშებდნენ საუკეთესოები ასაკის და კლუბის მიუხედავად. ჩვენი ფეხბურთით და მიღწევებით უნდა გვეამაყა”.

დამარცხების სიმწარის შესახებ: „დავიღალე მტირალა ბავშვების ყურებით. კაცს წაგებასთან გამკლავება უნდა შეგეძლოს. მეტოქეს გამარჯვება უნდა მიულოცო, შენს შვილებს კი ასწავლო, რომ თუ წააგებ, ტირილი საჭირო არ არის”.

კრიტიკის შესახებ: „ეს არის პროფესიული ფეხბურთი, სადაც გულშემატკივარს კითხვები კი არ უნდა დაუსვა,  თამაში უნდა აჩვენო. ფეხბურთელები უპირველეს ყოვლისა ბურთაობით უნდა იყვნენ დაკავებულები. ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. და არ უნდა მოიკატუნო თავი, თითქოს არავინ გაკრიტიკებს. თუ კრიტიკას ვერ ეგუები, ფეხბურთელი ვერ იქნები”.

პენალტების შესახებ: „ჩვენ ყველაზე კარგი დამრტყმელები ავარჩიეთ და მე მათ ვუთხარი, არ ედარდათ თუ ვერ გაიტანდნენ. აცილებს მხოლოდ ის, ვინც არტყამს”.

ოლმოსა და მორატას შესახებ: „ოლმომ წიგნში შესატანი ფეხბურთი ითამაშა. დაუჯერებელი იყო, არანორმალური. მაგრამ, ვინმემ შეამჩნიეთ 18 წლის ბავშვი, რომელსაც პედრი ჰქვია? ამ ასაკში ასე ანდრეს ინიესტაც ვერ თამაშობდა. ჩვენ ახალგაზრდობას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. ბედნიერი ვარ, ბევრი ნიჭიერი ყმაწვილი რომ გვეზრდება.

მორატას კი კუნთი სტკიოდა და ასეთ დროს პენალტის დარტყმა იკისრა. ეს მის ძლიერ პიროვნებაზე მიუთითებს. ის ურთულეს სიტუაციებში კონცენტრაციას ინარჩუნებდა და ლამაზად თამაშობდა”.