ჟოზე მოურინიუ იტალიის ნაკრების ფეხბურთით მოხიბლულია და ამბობს, რომ ნახევარფინალში „სკუადრა აძურა” ესპანეთს აუცილებლად მოუგებს:

„მთელი იტალია მხარში უდგას „სკუადრა აძურას”. ერი და გუნდი ერთ ტალღაზეა მომართული. ახლა მე რომში ვარ, „რომას” საწვრთნელ ცენტრში კარანტინს გავდივარ და აქედან ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ გულშემატკივარი განა მხოლოდ აღტაცებულია, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.

იტალიის ნაკრები შესანიშნავი ფეხბურთელების ნაზავია. მათ აქვთ „ნოუ ჰაუ”, ისინი შესანიშნავად იცავენ თავს. ბონუჩის და კიელინის დახუჭული თვალებითაც შეუძლიათ თამაში, ისინი ხომ ამდენი წელიწადია მხარდამხარ დგანან.

ძალიან ძლიერები არიან ვინგერები. სამწუხაროდ, ნაკრებს გამოაკლდა სპინაცოლა, რაც ძალიან ცუდია, თუმცა, წარმოიდგინეთ რა ცუდია ეს ჩემთვის, „რომას” მწვრთნელისთვის. მე მას დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ვერ გამოვიყენებ. იტალიამ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა.

ემერსონი კვლავ კარგ ფორმაშია. ის გამოცდილი ფეხბურთელია, მაგრამ სპინაცოლა მართლა შესანიშნავად თამაშობდა.

ჟორჟინიო გუნდს სტაბილურობას ჰმატებს. ვერატი და ლოკატელი ფრიად ნიჭიერი ფეხბურთელები არიან.

შეტევაში ასეთი სურათია: იმობილე და ბელოტი თამაშს არ კლავენ. გოლები მათ არ გააქვთ, მაგრამ გოლები სხვა პოზიციებიდან გადის.

ძალიან ძლიერია სამწვრთნელო შტაბიც. მანჩინი მეგობრებით არის გარშემორტყმული და ამ მეგობრებს ფეხბურთის განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.

უმაღლესი დონის პერსონები არიან ვიალი, ორეალი და ლომბარდო. ცხადია, ისინი საოცარ ატმოსფეროს ქმნიან.

ასე რომ, ესპანეთს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მგონია, რომ ის ისეთივე ძლიერი გუნდია, როგორც არის იტალია.

რასაკვირველია, ესპანელებსაც ჰყავთ ნიჭიერი ფეხბურთელები, აქვთ თავიანთი სტილი, რომელიც, თუ თამაში მათთვის სასურველ კალაპოტში მიდის, ძალიან შედეგიანია. მათ, მეტოქეების განადგურება შეუძლიათ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ახლა ევრო 2012-ის ფინალისთვის შურისძიების დღე მოდის. იმ ფინალში ესპანეთმა იტალია გაანადგურა (4:0), ახლა კი ხალხი იტალიის გამარჯვებას ელოდება”.