ევრო 2020-ის მეოთხედფინალში უკრაინასთან 4:0 მოგების შემდეგ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი თავის ფეხბურთელებს საქმის დამთავრებისკენ მოუწოდებს.

ჩემპიონობამდე ორი გამარჯვება დარჩა. წუხელ კი საუთგეიტის ფეხბურთელებმა ანდრეი შევჩენკოს შეგირდებს ჰარი კეინის დუბლით, ჰარი მაგუაირის მძლავრი თავურითა და ჯორდან ჰენდერსონის პირველი სანაკრებო გოლით ევროპის პირველობა დაატოვებინეს.

ნახევარფინალში ინგლისი „უემბლიზე” დანიას ხვდება, რომელმაც გზიდან ჩეხეთი ჩამოიცილა — 2:1. ინგლისის ნაკრებისთვის ეს ბოლო სამ წელიწადში ზედიზედ მესამე ნახევარფინალია. საუთგეიტმა გუნდი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც და ერთა ლიგის 2018-19 წლების გათამაშებაშიც ოთხეულში გაიყვანა.

ასეთი შედეგების შემდეგ, საუთგეიტი ცხადია გრძნობს, რომ მის გუნდს გამარჯვებაც შეუძლია.

„ბრწყინვალეა, — ამბობს ის, — თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მორიგი ნახევარფინალია. ახლა, გვინდა წინ კიდევ ორი ნაბიჯი გადავდგათ. წარმომიდგენია, ინგლისში რა ხდება.

მთავარია, რომ ჩემს ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობებისა სწამთ. მათ კარგად იციან, რა შეუძლიათ.

კმაყოფილების გრძნობამდე ჯერ ადრეა. გამოგიტყდებით, დღევანდელი შეხვედრა ჯერ დამთავრებული არ იყო, მე კი უკვე შემდეგ ეტაპზე ვფიქრობდი.

ინგლისის ნაკრები არასდროს ყოფილა ევროპის ჩემპიონი, ამიტომ ამ ტურნირზე გამარჯვება ჩვენი მკაფიო მიზანია. ჩვენ შეგვიძლია ისტორია დავწეროთ.

კარგი იყო შაბათს ხალხისთვის თვალის შევლება. მათ ხელში ლუდის ჭიქები ეჭირათ. ყველა, დიდ სიამოვნებას იღებდა. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო ორი შეხვედრით (გერმანიასთან 2:0 და უკრაინასთან 4:0) გულშემატკივარს ამდენი სიამოვნება მოვგვარეთ.

დღეს ჩვენ უშეღავათონი და პრაქტიკულები ვიყავით. ახლა, წინ ნახევარფინალია — ნახევარფინალი „უემბლიზე”. ყველას ერთი სული აქვს, როდის ჩატარდება ის. ეს დიდებულია”.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში დამარცხდა (1:2 ხორვატიასთან), ასე რომ თუ ოთხშაბათს, 7 ივლისს, ის დანიას დაამარცხებს, 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პირველად გავა დიდი შეჯიბრების ფინალში.

საუთგეიტი: „ჩვენ ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დავგეგმეთ რას ვაპირებდით. მუნდიალზე ნახევარფინალში დავმარცხდით. შემდეგ, ერთა ლიგის ნახევარფინალშიც გავედით (ინგლისი დამარცხდა ჰოლანდიასთან 1:3) და ახლა სამ წელიწადში მესამედ მოვხვდით ოთხეულში.

დროა ეს ეტაპი გადავლახოთ. დღეს, 2018 წელთან შედარებით, მეტი გამოცდილება გვაქვს. სანაკრებო ფეხბურთის გარდა, ჩვენმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალები ითამაშეს, დიდი ბრძოლები ჰქონდათ პრემიერლიგის ტიტულისთვის. ასე რომ საკუთარ კლასში დარწმუნებულები ვართ და იმედი გვაქვს, რომ ეს გაგრძელდება.

თუმცა, საქმე ჯერ დამთავრებული არ არის. დიდი თამაშები ჯერ წინაა”.