ჟოზე მოურინიუ იტალიაში, კერძოდ „რომაში” აგრძელებს კარიერას და ამბობს, რომ ახლა გაცილებით ძლიერი მწვრთნელია, ვიდრე „ინტერში” მუშაობის დროს იყო, როდესაც „ნეროაძურის” ტრებლი მოაგებინა.

ის ამბავი, რომ „განსაკუთრებული” „რომაში” იწყებს მუშაობას, ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, მაგრამ პორტუგალიელის პრეზენტაცია კლუბში მხოლოდ პარასკევს შედგა, რაც ევრო 2020-ის ცხელმა ამბებმა მიჩქმალა კიდეც. მოურინიუს წარდგენა აქამდე იმიტომ გადაიდო, რომ მის წინამორბედს, პაულუ ფონსეკას კლუბთან ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ, 30 ივნისს ამოეწურა.

ჟოზე მოურინიუ იტალიაში პირველად 2010 წელს მუშაობდა, როდესაც „ინტერი” იტალიის ჩემპიონიც გახადა, ქვეყნის თასიც მოაგებინა და ჩაროზად ჩემპიონთა ლიგაც დააყოლებინა. მას მერე, მან სხვადასხვა ქვეყანა მოირა და ახლა აცხადებს, რომ ამ ქვეყნებში მიღებულმა გამოცდილებამ მისი სამწვრთნელო კლასი აამაღლა.

„რომას” ვებსაიტზე „განსაკუთრებულმა” თავის ბოლო კლუბს, „ტოტენჰემ ჰოთსპურსაც” გაჰკრა კბილი. შეგახსენებთ, რომ „სფურზმა” ის აპრილში მოხსნა, როდესაც ლიგის თასის ფინალამდე ექვსი დღეღა რჩებოდა.

„ახლა, გაცილებით ძლიერი მწვრთნელი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი. მწვრთნელობა ის პროფესიაა, რომელიც ძალიან არის გამოცდილებაზე დამოკიდებული. გამოცდილი მწვრთნელი ყველაფერს დეჟავიუს შეგრძნებით უყურებს, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში უამრავჯერ არის ნამყოფი.

იტალიის შემდეგ მე ვმუშაობდი „რეალში”, რომელმაც უდიდესი გამოცდილება შემძინა. იქ, მე ავიხდინე ოცნება გავმხდარიყავი ინგლისის, იტალიის და ესპანეთის ჩემპიონი. შემდეგ, დავბრუნდი ინგლისში, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს.

ჩემს გამოცდილებათა შორის არის თვით ისეთი რამ, როგორიცაა, გუნდის ფინალამდე მიყვანა და ზედ ფინალის წინ იმის შეტყობა, რომ მომხსნეს.

შესაბამისად, ჩემი კარიერა სავსეა კარგი და ცუდი მომენტებით, რაც, რასაკვირველია, იმას ნიშნავს, რომ ახლა გაცილებით უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი ვარ, ვიდრე ათი-თერთმეტი წლის წინ ვიყავი”.