კევინ დე ბრუინმა თქვა, რომ ის თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა და ამიტომ ითამაშა ტრავმირებულმა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2020-ის მეოთხედფინალში, რომელიც „სკუადრა აძურამ” 2:1 მოიგო.

„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა სრული 90 წუთი დაჰყო მოედანზე და როგორც წერენ, ასეთი დატვირთვის პირობებში გვარიან ტკივილსაც გაუძლო.

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მერვედფინალში პორტუგალიელებმა ატკინეს კოჭი და როგორც თავად თქვა, მის მოედანზე გასასვლელად ბელგიელ ექიმებს სასწაულის ჩადენა მოუხდათ.

„პირადად ჩემთვის ბოლო ოთხი თუ ხუთი კვირა ძალიან უჩვეულო იყო. უპირველეს ყოვლისა, მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა ექიმებს. დღეს მოედანზე რომ გავედი, ნამდვილი სასწაული იყო. კოჭის სერიოზული ტრავმა მქონდა. მყესები მქონდა დაწყვეტილი.

წესით არც უნდა მეთამაშა, მაგრამ ჩემი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. სამწუხაროა, მეტი რომ ვერ შევძელი”.

იტალია, რომელიც რობერტო მანჩინიმ მსოფლიოს ტრადიციული „სკუადრა აძურასგან” სრულიად განსხვავებულ, ენერგიულ და შემტევ გუნდად წარმოუჩინა, მიუნხენის „ალიანც არენაზე”, პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურა. გოლები გაიტანეს ნიკოლო ბარელამ და ლორენცო ინსინიემ, ულამაზესი დარტყმით. ზედ შესვენების წინ კი ბელგიის სასარგებლოდ დაინიშნა „პენალტი-ლაითი”, რომელიც შეიძლებოდა არც დანიშნულიყო. ლუკაკუმ სხვაობა შეამცირა — 2:1.

„ინტერის” ბელგიელ თავდამსხმელს მეორე ტაიმშიც ჰქონდა ძალიან ხელსაყრელი მომენტი, როდესაც დე ბრუინმა ჩინებული დაბალი პასით შეიყვანა საგოლე პოზიციაზე, მაგრამ ვერც ამ და ვერც კიდევ ერთ ხელსაყრელ მომენტში რობერტო მარტინესის ფეხბურთელებმა ზუსტი საბოლოო დარტყმა ვერ შეასრულეს. შედეგად, ნახევარფინალში გავიდა იტალია, რომელიც სამშაბათს, „უემბლიზე”, ესპანეთს შეხვდება.

„ვფიქრობ, ყველა ღონე ვიხმარეთ ეს თამაში რომ მოგვეგო. იტალიელებმა ფანტასტიკური მეორე გოლი გაგვიტანეს, თუმცა პირველი ჩვენი შეცდომის ბრალი იყო. ბურთს მეტოქე უფრო ფლობდა. რაც შეეხება გოლს, ის არა და არ გავიდა მეტოქის კარში.

შეჯიბრებიდან გამოთიშვა ყოველთვის გულდასაწყვეტია,” — დასძინა დე ბრუინმა.

ბელგიის ნაკრებს იტალიასთან შეხვედრაში აკლდა ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ედენ აზარი, რომელიც ასევე პორტუგალიასთან მატჩის დროს დაშავდა. აზარი რომ ყოფილიყო, თამაშს კიდევ სხვა ელფერი ექნებოდა.

დე ბრუინი: „ეს ჩემპიონატი ჩვენთვის მძიმე გამოდგა. ტრავმებმა გასაქანი არ მოგვცა. ვიმეორებ, ბოლომდე ვიბრძოლეთ. დღეს, პირველ ტაიმში იტალიამ გვაჯობა, შესვენების შემდეგ კი ჩვენ უფრო მეტი მომენტი შევქმენით. აშკარად შეიძლებოდა ეს მატჩი 2:2 დასრულებულიყო, მაგრამ არ გამოვიდა.

ძალიან ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. ახლა შემდეგ ჯერს დაველოდებით. შევეცდებით მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ, თუმცა მანამდე უნდა გამოვჯანმრთელდეთ. ფიზიკური რეაბილიტაციაა საჭირო. რამდენიმე წელიწადია ტრავმები თავს არ გვანებებს. ამის მიუხედავად, გუნდისთვის ყველამ თავი დავდეთ”.