ინგლისელ ფანებს ჯეკ გრილიში გამორჩევით უყვართ, მაგრამ რატომ? ერთი შეხედვით ის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი არ არის, ევრო 2020-ზე ჩეხეთთან სასტარტოში იყო, მაგრამ შოტლანდიასთან და გერმანიასთან საქმეში გვიან, სათადარიგოთა სკამიდან ჩართეს.  ეტყობა, ფანები გრძნობენ, რომ „ასტონ ვილას” 25 წლის შემტევი ნახევარმცველი მენტალურად ერთ-ერთი მათგანია და მთელი საიდუმლოც ესაა.

თავად ასე ამბობს: „დაუჯერებელი რაღაც ხდება. „ასტონ ვილას” ფანები რომ მღერიან ჩემს სახელს, გასაგებია, ერთი მათგანი ვარ, მაგრამ ინგლისის ნაკრების ქომაგებისგან ამის მოსმენამ გამაკვირვა. სხვანაირი შეგრძნება ყოფილა. ჰოდა, მეც ვცდილობ ფართო ღიმილით და მთელი გულით ვითამაშო.

რაშია, იცით საქმე? ვფიქრობ, ფეხბურთელი რომ არ ვყოფილიყავი, მეც იმას გავაკეთებდი, რასაც ისინი აკეთებენ და ეს იგრძნობა. ერთი უბრალო ბიჭი ვარ. წავყვებოდი ინგლისის ნაკრებს ყველგან, დავლევდი პაბებში, ვიღრიალებდი, ვიმღერებდი და იმის დედა ….. ამით ისე ვისიამოვნებდი”.

ყოველთვის, როდესაც გრილიში შეცვლაზე შეჰყავთ და ის სათადარიგოთა სკამიდან დგება, „უემბლიზე” ხალხი ოვაციას მართავს.

„ჰოდა, მეც ვცდილობ მადლობა მოედანზე გადავუხადო. „ასტონ ვილას” ფანები ძალიან დიდ სიყვარულს მაგრძნობინებენ, მაგრამ დანარჩენი ის ხალხია, ვინც ჩვეულებრივ, ყოველ უქმეებზე მისტვენს. დედას და მამას უხარიათ, რომ არ მაგინებენ, მაგრამ აბა ერთი „ვილას” თამაში იყოს.

ვცდილობ, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, შევუტიო. მგონი გულშემატკივარს ჩემგან სწორედ ამის დანახვა უნდა. მეც, თავს არ ვზოგავ. ვიცი, რა მეხერხება და რა არა”.

ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, რა პროფესიას აირჩევდა?

„მამაჩემი ბათქაშზე მუშაობს. არ ვიცი რამდენად კარგია თავის საქმეში, მაგრამ მე მის პროფესიას ვერ გავყვებოდი. ალბათ უფრო კლუბის პრომოუტერი ვიქნებოდი”.

შემდეგ, ჰკითხეს, ამასაც შენს მშობლიურ ბირმინგემში გააკეთებდიო?

„არა, ტენერიფეზე ან იბიცაზე. ყველას მივიპატიჟებდი”.

ინგლისის ნაკრებში როგორი ატმოსფეროა?

„გაკვირვებული ვარ, ყველა ისე მეგობრობს ერთმანეთთან. გეგონება, საძმაკაცო შეარჩიეს და იმას ათამაშებენ. ესენი ყოველ შაბათს ერთმანეთის მტრები არიან, აქ კი ისე იქცევიან, გეგონება ოჯახის წევრები იყვნენ და მათ სახლს ხანძარი გაუჩნდა.

იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე „ლურჯს” (იგულისხმება ბირმინგემის მეორე გუნდის, „ბირმინგემ სიტის” ფეხბურთელი), ან თუნდაც ყოფილ ლურჯს ჩავეხუტებოდი”.

ყოფილი ლურჯი „ბირმინგემ სიტიდან” „დორტმუნდში” გადასული 18 წლის ჯუდ ბილინგემია.

და კიდევ, ჯეკ გრილიშმა იცის, რომ სანიმუშო მოქალაქე სულაც არ არის. 2020 წელს, პირველი ლოქდაუნის დროს, დათვრა, მანქანა დალეწა და მართვის მოწმობა ჩამოართვეს. თან 82 499 გირვანქითაც დააჯარიმეს.

„რასაკვირველია, შეცდომებზე ვსწავლობ. ეს ერთადერთი რამ არის, რაც ადამიანმა შეიძლება რომ აკეთო. იცით, გულის სიღრმეში მე ჯერ მაინც ძველი, თავქარიანი ჯეკი ვარ, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ დრო გავიდა, ის პიროვნება ვეღარასოდეს დაბრუნდება”.