ევრო 2020-ის მეოთხედფინალში ინგლისი და უკრაინა რომში ხვდებიან ერთმანეთს. ინგლისელ ფანებს იტალიის დედაქალაქში მოხვედრის პრობლემა აქვთ, უკრაინელები კი ნამდვილად იქნებიან სტადიონზე.

უფრო ზუსტად, პრობლემა იმ ინგლისელებს აღმოაჩნდათ, რომლებიც სამშობლოდან აპირებდნენ რომში ჩაფრენას და „სტადიო ოლიმპიკოზე” თამაშის ნახვას. მიზეზი: იტალიური კანონების თანახმად, დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ხალხმა ხუთდღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ყველაფერში დამნაშავე covid 19-ის ინდური ნაირსახეობა, ეგრეთწოდებული დელტა შტამია, რომელიც ინგლისშია გავრცელებული. არადა, ერთიხანობა, აცრილ ბრიტანელებს იტალიაში შესვლაზე პრობლემა აღარ ჰქონდათ.

გაიზარდა ჯარიმებიც. იტალიელები კარანტინის დარღვევისთვის ადრე 450 ევროს ახდევინებდბენ, ახლა კი ჯარიმა 3000 ევროზეა ასული.

აღსანიშნავია, რომ ინგლისში აღმოჩნდა ხალხი, ვინც „სტადიო ოლიმპიკოს” ბილეთი წინასწარ შეიძინა. მოჰყავთ, მავანი ლესტერელის უორიკ ჰოვარდის მაგალითი, რომელმაც ბილეთი ჯერ კიდევ 2019 წელს ანუ კორონამდე იყიდა, რაშიც 120 გირვანქა გადაიხადა, ახლა კი იძულებულია შინ დარჩეს. თეორიულდ შეეძლო იტალიაში 27 ივნისს ჩაფრენილიყო და ხუთდღიანი კარანტინი მოეხადა, მაგრამ… ხუთი დღით სამსახურის გაცდენა არ გამოდის.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ამ ერთხელ ტელევიზორებთან დასხდნენ და იქიდან დაუჭირონ მხარი გარეთ საუთგეიტის გუნდს, რომელსაც უკრაინასთან გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალი და თუ იქაც გაუმართლებს ფინალი ისევ „უემბლიზე” ელის. სხვა სიტყვებით, თუ ინგლისელები იყოჩაღებენ, ეს მათი ერთადერთი გასვლა იქნება ქვეყნის გარეთ.

ინგლისური წყაროები იტყობინებიან, რომ იტალიაში 30 000 ინგლისელი და 240 000 უკრაინელი ემიგრანტია.

საკუთრივ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას უეფამ 2500 ადგილი გამოუყო. ახლა ასოციაცია ცდილობს ბილეთები სწორედ დიდ ხმელეთზე, იმ ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულეებს მიჰყიდოს, რომელთაც იტალიელები კარანტინში არ ჩაკეტავენ.

ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა კი იქაურ მედიას განუცხადა, რომ „სტადიო ოლიმპიკოს” ტრიბუნებზე მისი თანამემამულეები მრავლად იქნებიან.