ზომერმა მბაპეს ხრიკი მოუწყო

Home კატეგორიის გარეშე ზომერმა მბაპეს ხრიკი მოუწყო
ზომერმა მბაპეს ხრიკი მოუწყო

ეს აშკარად არ იყო კილიან მბაპეს ჩემპიონატი. მბაპე, რასაკვირველია, ბრწყინვალე ფეხბურთელია, რაც დეტალებში ევრო 2020-ზეც ჩანდა, მაგრამ მთლიანობაში, ამბიციებიდან გამომდინარე, ამ შეჯიბრებას რაც მალე დაივიწყებს, მით უკეთესი იქნება მისთვის.

ფავორიტად შერაცხულმა საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალში შვეიცარიასთან წააგო და შინ გაემგზავრა. თამაშის ძირითადი დრო დასრულდა 3:3, პენალტებში კი მეხუთე, გადამწყვეტი დარტყმა მბაპემ ითავა. მისდა სამწუხაროდ, ბურთი „გლადბახის” 32 წლის მეკარემ, იან ზომერმა მოიგერია. ზომერი ის გოლკიპერია, რომელმაც შემოდგომაზე სერხიო რამოსს ერთ შეხვედრაში ორი პენალტი აუღო.

ზომერმა მბაპეს ხრიკი ჩაუტარა. დარტყმის წინ თავისგან მარცხნივ ანიშნა. სავარაუდოდ, მითითებულ კუთხეში დარტყმა შესთავაზა, მაგრამ მბაპემ არ დაუჯერა, მეკარისგან მარჯვნივ დაარტყა და ვერ გაიტანა.

„პარი სენ ჟერმენის” 22 წლის თავდამსხმელს ევროპის ჩემპიონატზე გოლი არ გაუტანია.

მოგვიანებით, ტვიტერში გამოჩნდა ხელმოცარული თავდამსხმელის სევდიანი მიმართვა გულშემატკივრებისადმი, სადაც ის წერს, რომ ხელი მოეცარა და მისთვის ამ გვერდის გადაფურცვლა ძალიან ძნელი იქნება.

„მე მინდოდა გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. ამის შემდეგ, ძნელი იქნება ღამით დაძინება. სამწუხაროდ, ასეთია სპორტი, რომელიც ძალიან მიყვარს. მას აღმავლობა და ჩავარდნა ახასიათებს. ვიცი, რომ გულშემატკივრებს იმედი გავუცრუე, მაგრამ მაინც მინდა მადლობა გადავუხადო. მადლობა მხარდაჭერისა და მხარში დგომისთვის. ახლა, ყველაფერზე მნიშვნელოვანი ფეხზე წამოდგომაა”.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.