იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ ლეგენდარული დინო ძოფის რეკორდი მოხსნა — ახლა, „სკუადრა აძურას” ისტორიაში ყველაზე მეტი წუთი „მშრალად” დონარუმას აქვს გატარებული.
ჯანლუიჯი დონარუმამ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში გოლი 1168 წუთის განმავლობაში არ გაუშვა. მას, გუშინ, ევრო 2020-ის მერვედფინალის დამატებით დროში, კერძოდ კი 115-ე წუთზე, „შტუტგარტის” 24 წლის თავდამსხმელმა საშა კალაიჯიჩმა გაუტანა.
იტალიამ ავსტრიას 2:1 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.
დინო ძოფის რეკორდი გახლდათ 1143 წუთი.
მატჩის შემდეგ დონარუმა სიხარულს ვერ მალავდა: „ლეგენდას ვაჯობე, აღელვებული ვარ. თუმცა, პირადი რეკორდები მეორეხარისხოვანია. მე გუნდისთვის ვთამაშობ. ჩვენი ამოცანა მოგებაა”.