„სანი” წერს, რომ სუპერკომპიუტერმა ინგლისის ნაკრებს გერმანიასთან მერვედფინალში გამარჯვება და მერე, ფინალამდე, ტრიუმფალური სვლა უწინასწარმეტყველა, მაგრამ ფინალში… იქ, ინგლისს საფრანგეთი მოუგებსო, ბრძანა ხელოვნურმა ინტელექტმა.

გარეთ საუთგეიტის გუნდმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მან მოუგო ხორვატიას 1:0, ფრედ ითამაშა შოტლანდიასთან 0:0 და 1:0 მოუგო ჩეხეთს. შედეგად, ინგლისელებმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ბადის თანახმად, სიკვდილის ჯგუფად წოდებულ F ჯგუფში მეორეზე გასულ გერმანელებს ხვდებიან.

ინგლისელები და გერმანელები დიდ ტურნირებზე ისტორიულ მოქიშპეებად ითვლებიან, თუმცა ინგლისს გერმანია ევრო 2000-ის მერე არ დაუმარცხებია.

გერმანიამ ინგლისს პენალტებით ორჯერ აჯობა, ევრო 96-ზე და მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე, 1970-ისა და 2010-ის მუნდიალებზე კი თამაშით აჯობა — 3:2 და 4:1.

თუმცა, bettingexpert.com-ის სუპერკომპიუტერის თანახმად, ახლა ინგლისის დროა. კომპიუტერი აგრეთვე ამბობს, რომ შვედეთი ამასობაში მოუგებს უკრაინას და ინგლისელებს მეოთხედფინალში შეხვდება.

ნახევარფინალში ინგლისს ჰოლანდიასთან ტრიუმფი ელისო, წინასწარმეტყველებს მანქანა (მანამდე ნიდერლანდები თურმე ჩეხეთს და დანიას დაამარცხებენ), აი, ფინალში კი ინგლისელები მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ ვერაფერს გახდებიან.

თუ სუპერკომპიუტერი მართალია, გამოდის, რომ საფრანგეთი ინგლისამდე მიჯრით დაამარცხებს შვეიცარიას, ესპანეთს და იტალიას.

ინგლისის ფინალში გასვლა აგრეთვე ნიშნავს იმას, რომ ეს გუნდი 1966 წელს შემდეგ პირველად გაივლის დიდ შეჯიბრებას ბოლომდე და ამას მეორედაც მაშინ შეძლებს, როდესაც ფინალი „უემბლიზეა” დანიშნული.