No description available.18 წლის ბორჯღალოსანმა ფულბექმა დავით ნინიაშვილმა საოცარი რაგბი ითამაშა და საქართველოს ნაკრების თელავური გამარჯვება გაალამაზა.

48:15 – ასეთია საბოლოო ანგარიში მატჩისა, რომლის პირველი ნახევარი 15:8 მორჩა. ქართველებმა ვერ დააფასეს სათანადოდ ნიდერლანდელთა გუნდი და სტუმრებს ტაიმის ბოლო წამებზე ლელო რომ გარდაესახათ​, ანგარიში შესაძლოა სულაც საყაიმო ყოფილიყო.

გასახდელში ლევან მაისაშვილმა ბიჭები ეტყობა მაგრად შეაფუცხუნა და შესვენების შემდეგ სულ სხვა საქართველოს ნაკრები ვიხილეთ.  ჩვენებმა 5 ხარისხიანი ლელო გაიტანეს, რომელთაგან, რაც მთავარია, 4 გარდასახეს. ეს იმიტომაა ხაზგასასმელი, რომ პირველ ტაიმში თედო აბჟანდაძემ სამივე ლელოს კონვერსაცია ააცილა და​ მხოლოდ მეორე ნახევრის დებიუტში გამოასწორა მიზანი. თუმცა მალევე თედოს ნაცვლად გიორგი ბაბუნაშვილი შევიდა თამაშში, ვინც დავით ნინიაშვილის ბოლო ლელოს რეალიზაცია ღა ააცილა, თორემ მანამდე კი ჩუბინობდა.

No description available. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ 8 დადებული ლელოდან მხოლოდ ნახევარი გარდავსახეთ, რაც მთელი 8 ქულაა! ეს კომპონენტი აუცილებლადაა მისახედი – მსოფლიო ჩემპიონ „ქურციკებთან“ ასეთი ხარვეზების დაშვება არაფრით შეიძლება.

რაც შეეხება ლელოებს, ამ მხრივ თელავის „კავკასიონი არენაზე“ შეკრებილ პუბლიკას ნამდვილად გაუმართლა – 8 ქართული და 2 ნოდერლანდური ლელო ერთი მეორეზე უკეთესი გამოვიდა, პლუს ამას, 2 გაუქმებულიც არ დაგვავიწყდეს!

მოკლედ, კახეთში დიდი რაგბის შემობიჯება ფეხბედნიერი გამოდგა. განსაკუთრებით კი მიმოხილვის თავში ნახსენებმა ნინიაშვილმა გაიბრწყინა​.

ამ ბიჭს დიდ 10-ში ჯერაც არ უთამაშია – მისი საკლუბო კარიერა თბილისის „ხვამლთან“ ერთად რეგიონალურ და პირველ ლიგებში თამაშით შემოიფარგლება. დიდ 10-ში მას ვერც მომდევნო სეზონში ვიხილავთ – ნინიაშვილი პირველი ლიგიდან პირდაპირ საფრანგეთის ტოპ 14-ში გადადის, ევროპის საუკეთესო ლიგაში​! თელავში კი „ლიონის​​“ მომავალმა ფულბემა ჰეთ-თრიქი შეასრულა, განსაკუთრებით კი მეორე და მესამე ლელოები გამოუვიდა ეფექტური. რამდენი ხანია ქართველი ფულბექების სწრაფი გარღვევა არ გვენახა და ჩვენმა ოქრო ბიჭმა​ ეს სიამოვნება დაუნანებლად მოგვანიჭა.

No description available. ამ სამი შესანიშნავი ლელოს გარდა ნინიაშვილმა „პირადად“ გაასინბინა ორი მეტოქე – მაღალ ბურთებზე ისე უიმედოდ ჯაბნიდა ნიდერლანდელებს, რომ ისინი მიწაზე დაშვებას არ აცლიდნენ, რაც ძალიან საშიშია ბურთიანისთვის. ორჯერ მწარედ დასცეს ნინიაშვილი, მაგრამ ჭაბუკი არ შეუშინდა მოწინააღმდეგეებს და 3 ლელოთი გაუმასპინძლდა.

კარგი ლელო გაიტანა ვასილ ლობჟანიძემაც, აკა ტაბუცაძემ სულაც დუბლი შეასრულა და კიდევ თითო ძალისმიერი ლელო მორკინალებმა მიითვალეს – ჯერ გურამ გოგიჩაშვილმა. მერე კი გიორგი ჯავახიამ თავისი სანაკრებო ლელოების ანგარიში გახსნა.

ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩიც მოიგეს და ზედიზედ მეოთხედ გახდნენ ევროპის მეორე დონის ჩემპიონები. არ გვიშვებენ უფრო მაღალ დონეზე და რა გაეწყობა, ჩვენს ნაკრებს ამ ტიტულების შეგროვების მეტი აღარაფერი რჩება. ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში ასეთი მე-13 ჩემპიონობაა, თუმცა ის მაინც გვაქვს ნუგეშად, რომ წლევანდელ საზაფხულო ტესტებს მთლიანად ბობოლებთან გავმართავთ – 2 და 9 ივლისს სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად, ხოლო 17-ში, უკვე თბილისში შოტლანდიასთან.