გერმანელი ფანები გაოგნებულები დარჩნენ — მათ შეიტყვეს, რომ „უემბლიზე”, ევრო 2020-ის მერვედფინალურ მატჩს ინგლისისა და მათი ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის ვერ დაესწრებიან. თამაში სამშაბათს, 29 ივნისს გაიმართება.
დამნაშავე, ფორმალურად, კორონაა. იმისათვის, რომ გერმანელებს მატჩამდე ხუთდღიანი კარანტინი მოეთავებინათ, ლონდონში ოთხშაბათს, 23 ივნისს მაინც უნდა ჩასულიყვნენ ანუ, ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, როდესაც ჯერ არ იყო ცნობილი ფლეი-ოფში ვინ ვის შეხვდებოდა. ამის შემდეგ, თვითიზოლაციიდან მათ უნდა მოეხერხებინათ ბილეთების შოვნა — რეგულაციების თანახმად, „უემბლიზე” მხოლოდ 45 000 მაყურებელს უშვებენ. აი, შემდეგ კი, შინ დაბრუნებულებს, ორი კვირა კვლავ თვითიზოლაციაში უნდა გაეტარებინათ: გერმანული კანონების თანახმად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გერმანიაში ბრიტანეთიდან ბრუნდება ორ კვირას კარანტინში ატარებს, რადგან ითვლება, რომ დიდი შანსია კორონავირუსის დელტა შტამის მატარებელი იყოს. ეს ორჯერ აცრილებსაც ეხება.
ინგლისური პრესის ზერელედ გადახედვაც საკამარისია რომ მიხვდეთ, ინგლისელებს გერმანელების ასეთი დამოკიდებულება აღიზიანებთ და გერმანულ კოვიდ-კანონებს დრაკონულს უწოდებენ.
სხვათა შორის, ისე დაემთხვა, რომ რამდენიმე დღის წინ ანუ სანამ გაირკვეოდა, რომ ევრო 2020-ის მერვედფინალში ინგლისი და გერმანია ერთმანეთს ხვდებიან, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ცდილობდა გაეტანა კანონი პლაჟის საწოლების, ეგრეთწოდებული შეზლონგების შესახებ — მერკელს უნდოდა, რომ ევროპის კურორტებზე ბრიტანელებისთვის შეზლონგის დაქირავება აეკრძალა.