მართალია, ესპანეთის ნაკრებმა სლოვაკეთის გუნდს ევრო 2020-ის E ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში, 5:0 მოუგო და ცხრილში შვედეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ პენალტი კვლავ ვერ გაიტანა. ახლა, „ლა როხას” ზედიზედ ხუთი თერთმეტმეტრიანი აქვს ქარისთვის გატანებული.

სლოვაკებთან ალვარო მორატამ ვერ ივარგა. ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, როდესაც მას პენალტი „ნიუკასლის” მეკარემ მარტინ დუბრავკამ აუღო.

პენალტების აცილებას დასაბამი სერხიო რამოსმა დაუდო. მან, ნოემბერში, შვეიცარიასთან შეხვედრაში ერთბაშად ორი თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გაიტანა — ორივე მეკარე იან სომერმა აუღო.

შემდეგი იყო აბელ რუისი, რომელმაც ლიეტუვასთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში ვერ შეაგდო ნიშნულიდან ბურთი კარში — ეს გახლდათ მატჩი, სადაც დიდი „ლა როხა” 21-წლამდელმა ესპანელებმა ჩაანაცვლეს. მიზეზი: სერხიო ბუსკეტსს კოვიდი დაუდასტურდა.

მეოთხე და მეხუთე შემთხვევა კი უკვე ევრო 2020-ზე მოხდა. პოლონელებთან შეხვედრაში ხერარდ მორენომ ვერ გაიტანა, მორატასა და სლოვაკების ამბავი კი მოგახსენეთ.

ევრო 2020 პენალტების აცილებით გამორჩეული ჩემპიონატია. მორატას მიერ აცილებული თერთმეტმეტრიანი ტურნირზე უკვე მეექვსე იყო. საინტერესოა, რომ მათგან ოთხი მეკარეებმა მოიგერიეს.

აქამდე, აცილებული პენალტებით რეკორდსმენი ევრო 2000 გახლდათ. მაშინ, ბელგიასა და ჰოლანდიაში ფეხბურთელებმა ხუთი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანეს.