კრიშტიანუ რონალდუს ბუდაპეშტში, საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრის დროს ჯერ ტრიბუნიდან „კოკა-კოლას” ბოთლი ესროლეს, შემდეგ კი მოედანზე მაყურებელი შევარდა და დაცვას მოუხდა მისი დაკავება.
რონალდუს აგრეთვე დააყარეს პლასტიკატის ჭიქები, როდესაც მან „ლურჯებს” მეორე პენალტი გაუტანა — პორტუგალიისა და საფრანგეთის შეხვედრა დასრულდა 2:2. ორივე გუნდი მერვედფინალში გავიდა.
პორტუგალიის ნაკრები კვირას, 27 ივნისს, სევილიაში ბელგიას ეთამაშება, საფრანგეთი კი ორშაბათს, 28 ივნისს, ბუქარესტში ხვდება შვეიცარიას.
შემდეგ, პორტუგალიასა და ბელგიას შორის გამარჯვებული იტალიისა და ავსტრიის წყვილში მოგებულს ხვდება, ხოლო ფრანგთა და შვეიცარიელთა შორის უმჯობესი ხორვატია-ესპანეთს შორის წარმატებულს ეთამაშება.
როდესაც რონალდუმ შეამჩნია, რომ ბოთლი ესროლეს, იქაურობას გაერიდა და სწორედ ამ დროს შემოვარდა მოედანზე მავანი გულშემატკივარი, რომლის დაკავებაც „პუშკაშ არენას” დაცვის სამსახურს მოუხდა.
ვერ გეტყვით, არის თუ არა რაიმე კავშირში, მაგრამ უცხოურ პრესას გაახსენდა, რომ რონალდუს „კოკა-კოლას” ბოთლი ესროლეს ერთ კვირაში, მას შემდეგ, რაც მან პრეს-კონფერენციაზე ამ გამაგრილებელი სასმელის ბოთლები მაგიდიდან გადადგა და ხალხს მის ნაცვლად წყლის სმა ურჩია.
პორტუგალიელი ვარსკვლავის ამ აქციას ფრანგი პოლ პოგბას მსგავსი საქციელი მოჰყვა — მან მაგიდიდან „ჰეინეკენის” ბოთლი გადადო. ამის შემდეგ უეფამ თითოეული გუნდი გააფრთხილა, რომ სპონსორების პროდუქციას არ შეხებოდნენ.
რონალდუმ თავისი მეორე გოლით მოხსნა გერმანელი მიროსლავ კლოზეს რეკორდი — 19 გოლი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი აგრეთვე დაეწია სანაკრებო გოლებით მსოფლიო რეკორდსმენს ირანელ ალი დაეის. ახლა ეროვნული გუნდის მაისურით პორტუგალიელსაც დაეის მსგავსად 109 გოლი აქვს გატანილი.
და მაინც, რონალდუ ალბათ უფრო პომპეზურად აღნიშნავდა ამ გოლს, ტრიბუნიდან მისთვის ლუდის ჭიქები რომ არ დაეყარათ და არ გაეწუწათ.