ბახრამოვმა გოლი ჩათვალა

ჩეხეთის ნაკრებთან 1:0 გამარჯვების შემდეგ, ინგლისური პრესა საგონებელშია — მერვედფინალში გერმანიას, საფრანგეთს, პორტუგალიას ან უნგრეთს შევხვდებითო. ინგლისი D ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილი მოიპოვა ხორვატიამ, მესამე ჩეხეთმა, შოტლანდია კი ბოლოზე დარჩა.

D ჯგუფში პრიველ ადგილზე გასვლა იმას ნიშნავს, რომ ფლეი-ოფის ეტაპზე ინგლისელებს F ჯგუფში მეორე ადგილზე გასულთან მოუწევს თამაში.

აქ ორი პლუსია, ერთი რეალური, მეორე კი თეორიული. რეალური პლუსი ის არის, რომ თამაში ისევ „უემბლიზე” გაიმართება, თეორიული კი ის, რომ მეტოქე შესაძლოა უნგრეთის ნაკრები იყოს, მაგრამ ამისი ალბათ თავად უნგრელებსაც არ სჯერათ.

ამწუთას, მეორე ადგილზე ინგლისელთა ძველი მოქიშპე გერმანიაა, მაგრამ ბოლო ტური წინ არის. გერმანია მიუნხენში უნგრეთს ხვდება, საფრანგეთი კი ბუდაპეშტში პორტუგალიასთან თამაშობს.

საფრანგეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდი ჩანს, მაგრამ უნგრეთთან ფეხი დაუცდა. გერმანიასთან მოგების მერე, არავინ ელოდა, რომ დიდიე დეშამის გუნდი უნგრელებს ვერ მოუგებდა — 1:1. ეტყობა, ფრანგებმა „პუშკაშ არენას” ატმოსფერო და მასპინძელთა საბრძოლო განწყობა ვერ გაითვალისწინეს.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიამ კი პირიქით, პირველ ტურში უნგრელებს შთამბეჭდავად აჯობა 3:0, მაგრამ მეორე ტურში გერმანელებთან ასევე უშანსოდ წააგო — 2:4.

მაგრამ, თუ ინგლისი მაინც გერმანიას შეხვდება, მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირების გაგრძელებას ნახავს. ინგლისისა და გერმანიის ქიშპობას საფუძველი 1966 წელს, სწორედ „უემბლიზე”, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დაედო, როდესაც ინგლისმა 4:2 მოიგო, მაგრამ თამაშის ბედი დიდწილად აზერბაიჯანელი თანამსაჯის, ტოფიკ ბახრამოვის მიერ, დამატებით დროში ჩათვლილმა გოლმა გადაწყვიტა. ბახრამოვმა მიიჩნია, რომ ხარიხიდან ჩამოვარდნილმა ბურთმა კარის ხაზის გადაკვეთა და ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ კადრი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით ათასნაირად დაშლეს, დღემდე საკამათოა.

შარლერუა 2000

ბოლოს, დიდი ტურნირზე, ინგლისელები და გერმანელები ერთმანეთს 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვდნენ, სადაც ბუნდესმანშაფტმა მეტოქე დაჩაგრა — 4:1.

ევროპის ჩემპიონატებზე კი ეს ორი გუნდი 2000 წელს, ბელგიის ქალაქ შარლერუაში შეხვდა ერთმანეთს. ის თამაში ინგლისმა ალან შირერის გოლის 1:0 მოიგო. მას ესწრებოდა გაზეთ „სარბიელის” კორესპონდენტი ზურაბ მეძველია და მისი რეპორტაჟიდან ვიცით, რომ იმ დღეს შარლერუა ოკუპირებულ ქალაქს ჰგავდა, რადგან ბელგიის ყველა სპეცდანიშნულების რაზმი სადგურის ბაქნიდან მოყოლებული მის ქუჩებში იყო მობილიზებული. ქალაქში სტუმრად ჩავიდა უამრავი ინგლისელი ფანი, რომელთა დიდი ნაწილი სტადიონზე ვერ მოხვდა და ბარებში შეგროვდა. მათ ეს ბარები შემდეგ დალეწეს. იყო ჩხუბები და მასობრივი დაჭერები.

ინგლისის და გერმანიის ბოლო შეხვედრა 2017 წელს გაიმართა. ეს იყო ამხანაგური მატჩი, რომელიც დასრულდა 0:0.