კრისტიან ერიკსენმა დანიის ნაკრების მიერ რუსეთის ეროვნული გუნდის განადგურება ინსტაგრამში იზეიმა.
ცხრა დღის წინ, როდესაც ფინელებთან შეხვედრის დროს ერიკსენს მოედანზე მცირე ხნით გული გაუჩერდა, ყველამ თქვა, რომ ფეხბურთი მხოლოდ და მხოლოდ თამაშია და ის არაფერია ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით. და ეს, რასაკვირველია, ჭეშმარიტებაა. წუხელ, როდესაც დანიელებმა B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთს 4:1 გადაუარეს, სამქულიან გუნდებს შორის ბურთების საუკეთესო სხვაობით ყველაზე მაღალი ადგილი მოიპოვეს, შემდეგ ერიკსენს დაურეკეს და სიხარული გაუზიარეს, ყველამ ხელები აღაპყრო — კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ფეხბურთი თამაშია, მაგრამ ის თამაშია, რომლითაც უდიდესი სიკეთის კეთებაა შესაძლებელი. და ესეც ჭეშმარიტებაა.
ამრიგად, დანიამ რუსეთს განუმარტა, რომ მისი ადგილი ევროპის საფეხბურთო ელიტაში არ არის და შაბათ საღამოს, ამსტერდამში უელსის ნაკრებს ხვდება. ეს უკვე მერვედფინალია.
ანგარიში „სამპდორიას” გარემარბმა მიკელ დამსგაარდმა გახსნა. დამსგაარდი გახდა დანიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გოლი გაიტანა. გუშინ ის 20 წლის და 353 დღის იყო.
და კიდევ, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის გახდა პირველი დანიელი, რომელმაც საჯარიმო მოედნის გარედან შეაგდო.
შემდეგ, დანიელებმა მეორე გოლი გაიტანეს — მოსკოვის „სპარტაკის” ნახევარმცველმა, დაბნეულმა რომან ზობნინმა მეტოქეს, იუსუფ პოულსენს ისეთი პასი მიაწოდა, ეს უკანასკნელი თანაგუნდელისგან რომ ვერ ინატრებდა. პოულსენმა ისარგებლა — 2:0.
11 წუთის შემდეგ, მსაჯმა დანიის ნაკრების კარში საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც VAR-მა რატომღაც დაადასტურა და არტიომ ძიუბამ სხვაობა შეამცირა — 2:1.
79-ე წუთზე, „ჩელსის” მცველმა ანდრეას კრისტენსენმა შორიდან ეფექტურად ჩააჭედა ბურთი რუსთა კარის ბადეში, ხოლო სამი წუთის შემდეგ, როდესაც რუსეთის ნაკრები უკვე იმ დამარცხებულ ჯარს ჰგავდა, რომელიც უსისტემოდ და უთავბოლოდ იხევს დაკარგული პოზიციებიდან, „ატალანტაში” მოთამაშე იოაკიმ მეილმა, რომელსაც საქართველოში უფრო იოაკიმ მეჰლედ მოიხსენიებენ, თამაშს წერტილი დაუსვა.
დანიელთა სასარგებლოდ დასრულდა ბელგიისა და ფინეთის პარალელური შეხვედრაც, რომელიც ბელგიამ 2:0 მოიგო და B ჯგუფში ფინეთი 3 ქულით მესამე ადგილზე დატოვა.