„სანისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” აპირებს ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს, რითაც ის პრემიერლიგის ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელი გახდება.

28 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ძველი კონტრაქტის ბოლო წელიწადიღა აქვს დარჩენილი. „ოლდ ტრეფორდზე” უნდათ, რომ მას ენითაუწერელი ხელფასი, კვირაში 400 000 გირვანქა შესთავაზონ. შეადარეთ ეს თანხა მის ახლანდელ გასამრჯელოს, კვირაში 290 000 გირვანქას.

პოგბას ახალი ხელფასი მეტი იქნება კვირაში 375 000 გირვანქაზე, რასაც მისი ესპანელი თანაგუნდელი დავიდ დე ხეა იღებს.

ინგლისური გაზეთი წერს, რომ „იუნაიტედი” პოგბასთან საქმის მოგვარებასა და ხელშეკრულების გაფორმებას ევრო 2020-ის დასრულებამდე არ ჩქარობს.

პოგბა უკვე რამდენიმე თვეა აგენტ მინო რაიოლასთან თათბირობს. ისინი ეძებენ ახალ ვარიანტებს, რა უნდა მოიმოქმედონ „იუნაიტედთან” კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ ფრანგი „ოლდ ტრეფორდზე” ბოლო წელიწადსაც დარჩება და თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, გაისად ამ დროს, ახალ კლუბს უზარმაზარ გასამრჯელოს მოსთხოვს, რადგან მასში სატრანსფერო მილიონები აღარ იქნება გადასახდელი.

89 მილიონად ღირებული ფრანგი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ მას და „მანჩესტერ იუნაიტედს” ჯერ საერთო ენა არ გამოუნახავთ, თუმცა უკვე ჩანს, რომ ახალ ვარიანტზე უარს არ იტყვის. „სანმა” მოიპოვა ინფორმაცია, რომ დახურულ კარს მიღმა ორივე ბანაკი კმაყოფილია.

ამ ზაფხულს, „მანჩესტერ იუნაიტედი” „დორტმუნდიდან” ჯეიდონ სანჩოს ყიდვასაც გეგმავს.